LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას წარმოადგენს ამიერკავკასიის ექიმთა ლიგა – ბაია ბეზარაშვილი ლიგის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე

101
ბაია-ბეზარაშვილი

14 ივლისს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის დამფუძნებელი, ქალბატონი ბაია ბეზარაშვილი სტუმრობდა, რომელმაც ლიგის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

– ქალბატონო ბაია, რას წარმოადგენს ამიერკავკასიის ექიმთა ლიგა?

– პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ მართალია, ლიგის დამფუძნებელი ვარ, მაგრამ ნამდვილად ვერ შევძლებდი ამდენი კარგი საქმის გაკეთებას, რომ არა ჩემი მეგობრები და ის არაჩვეულებრივი კოლექტივი, რომელიც ნამდვილ ოჯახად იქცა. ლიგა მარტივი მიზეზით შეიქმნა – ჩვენს შორის მრავლად არიან ექიმები, რომლებიც ხშირად მოგზაურობენ საზღვარგარეთ,  ესწრებიან კონგრესებს და კონფერენციებს, ეცნობიან სიახლეებს და თანამედროვე ტექნოლოგიების მიღწევებს, თუმცა ექიმებს რეგიონებიდან მსგავსი შესაძლებლობა ნაკლებად აქვთ. სწორედ მათთვის ინფორმაციის გაზიარების სურვილით დავაფუძნე ამიერკავკასიის ექიმთა ლიგა მეგობრებთან ერთად. იდეა 9 წლის წინ გაჩნდა, კაპადოკიის ერთ-ერთ კონგრესზე, როცა ჩემს მეგობარს კახა ვაჭარაძეს გავანდე ჩემი გულისტკივილი და ვუთხარი, რომ კარგი იქნებოდა თუ იმ სიახლეებს, რომელთაც ჩვენ ვეცნობით რეგიონის მედიკოსებიც გაეცნობოდნენ. რა თქმა უნდა, ჩემი წამოწყება სიხარულით გაიზიარეს კოლეგებმა, განსაკუთრებით მხარში ამომიდგა ჩემი და – მარიამ ბეზარაშვილი, რომელიც იმ პერიოდში აჭარაში, დასაქმების სამსახურს ხელმძღვანელობდა. სწორედ აჭარის მაღალმთიან რეგიონებში ჩავატარეთ პირველი ტრენინგი და გავსინჯეთ პაციენტები. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ფორმატიც ისე შევიმუშავეთ,  რომ ინფორმაციის გაზიარებასთან ერთად ადგილობრივების პრაქტიკული დახმარებაც შეგვძლებოდა. სპეციალურად შევქმენით ექიმთა ჯგუფი, რომლებიც გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მაინც სიამოვნებით ჩაერთნენ ჩვენს პროექტში. მეტიც, არცერთ პროფესორს, აკადემიკოსს ან კათედრის ხელმძღვანელს არ უთქვამს ჩვენთვის უარი. პირველი გასვლა აჭარაში გვქონდა, რასაც მოგვიანებით სამეგრელოსა და საზღვრისპირა რეგიონებიც დაემატა. ინციდენტიც კი შეგვემთხვა, როცა მძღოლს გზა აერია და პოლიციას რომ არ გავეჩერებინეთ, ალბათ, სასაზღვრო ზოლსაც ისე გადავკვეთდით, რომ ვერ გავიგებდით. აქვე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ‘’ავერსს’’ და PSP-ს მხარდაჭერისთვის, რადგან სისტემატურად გვეხმარებიან პრეპარატებით.

– ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლიგა ორი მიმართულებით მუშაობს და ერთის მხრივ, მედიკოსებს უწევს კონსულტაციას, მეორეს მხრივ პაციენტებს ეხმარება,

– ტრენინგებს ყოველთვის იმ თემებზე ვატარებთ, რომლებიც თავად ექიმებს აინტერესებთ. ხშირად თვითონ არჩევენ თემას ან დარგს, მე კი, იმ სპეციალისტთან ერთად ჩავდივარ, ვინც ყველაზე უკეთ გაუძღვება კონკრეტულ ტრენინგს. სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს აქციებში ყოველთვის აქტიურად მონაწილეობენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, რომლებიც შეკრების ადგილსაც გვიმზადებენ და ექიმებსაც წინასწარ აფრთხილებენ. სხვათა შორის, ტრენინგებს ყოველთვის სპეციალურად მომზადებული კითხვარით ვსტუმრობ, რათა დავადგინო რა სჭირდება კონკრეტულ რეგიონს და რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ჩვეულებრივ, პირველ დღეს ტრენინგს ვუთმობთ, დანარჩენ დღეებში კი, პაციენტებს ვმკურნალობთ.

– რამდენად კმაყოფილი არიან პაციენტები და თავად ექიმები თქვენი ვიზიტებით?

– მართალია, არცერთ პროგრამაში არ ვართ ჩართული და მხოლოდ ენთუზიაზმით ვმუშაობთ, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ შეგვიძლია პრაქტიკული დახმარების გაწევა. კომპანიების მხარდაჭერის გარდა საკუთარი ფინანსებითაც ხშირად ვყიდულობთ რეგიონების მოსახლეობისთვის საკვებ პროდუქტს, რისთვისაც ყოველთვის გვემადლიერებიან. ბევრი საინტერესო შემთხვევა მახსოვს, თუმცა ყველაზე ემოციური მაინც დედა იყო, რომელმაც რამდენიმე კილომეტრი გამოიარა, რათა შვილს ინჰალაციის გაკეთების საშუალება ჰქონოდა. ყველგან მოუთმენლად გველიან, ამიტომ ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ გავამართლოთ მათი იმედი და გავაკეთოთ მაქსიმუმი, რაც შეგვიძლია. განსაკუთრებით ემოციურია, როცა პაციენტები საკუთარი ხელით გამომცხვარი ღვეზელებით მოდიან და სწორედ ასე ცდილობენ მადლობის თქმას.

– რამდენად ხშირად იცვლება ექიმთა ჯგუფი, ყოველთვის ერთი შემადგენლობით სტუმრობთ რეგიონებს თუ როტაციის პრინციპით მოქმედებთ?

– სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ყოველდღე გვემატებიან ექიმები, განსაკუთრებით მახარებს ახალგაზრდების აქტიურობა, რომლებიც საოცარი ენთუზიაზმით მონაწილეობენ ჩვენს აქციაში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო შაკო ქორიძეს და ჯანმრთელობის სახლის მთელ კოლექტივს, არაჩვეულებრივ ექიმებს, რომლებიც ყოველთვის მზად არიან ჩვენს დასახმარებლად.

– ძალიან საინტერესო ღონისძიებაა დაჯილდოების ცერემონია, რომლითაც მადლიერებას გამოხატავთ იმ ადამიანების მიმართ, ვინც საკუთარი წვლილი შეიტანა საერთო საქმეში,

– ვფიქრობ, დაჯილდოების ცერემონია მადლიერების გამოხატვის მართლაც საუკეთესო საშუალებაა, მით უფრო, რომ 9 წელია მსგავს ღონისძიებას ვაწყობთ თბილისის მერიისა და ტელეკომპანია ‘’პულსის’’ მხარდაჭერით, რისთვისაც მთელი გულით ვუხდით მადლობას.  წელს დაჯილდოებასა და გალა-კონცერტთან ერთად საერთაშორისო მულტიპროფილური კონგრესის მოწყობაც შევძელით, რომელსაც სხვადასხვა დარგის 10 საუკეთესო სპეციალისტი ეწვია უცხოეთიდან. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მომხსენებლებმა, რომელთაც მედიცინის სფეროს სიახლეები მიმოიხილეს, აბსოლუტურად უსასყიდლოდ ჩაატარეს სემინარები, რისთვისაც დიდად ვემადლიერებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები