გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ესპანური კომპანიის Aqualia აღმასრულებელ დირექტორს, ფელიქს პარა მედიავილას შეხვდა. Aqualia საქართველოში წყლის სექტორის გაუმჯობესების კუთხით ათეული მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
როგორც შეხვედრაზე მინისტრმა აღნიშნა, ასეთი ინვესტიციების განხორციელება ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია.
„საქართველოში მიმზიდველი საინვესტიციო ბიზნესგარემოს არსებობას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ასეთი სტრატეგიული ინვესტიცია ხორციელდება წყლით მომარაგების სექტორში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში, ჩვენი ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებები წყლის მართვასთან დაკავშირებით ევროპული დირექტივების შესაბამისად შესრულდეს. ევროპული გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია წყლის რესურსების მდგრადად მართვისთვის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ესპანური კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ფელიქს პარა მედიავილამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ესპანურ კომპანიას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს წყლით მომარაგების, გასუფთავების და, ზოგადად, წყლის მართვის საკითხებში, რაც საინტერესო იქნება საქართველოში წყლის სექტორის განვითარებისთვის.
ესპანური კომპანია „Aqualia“ მსოფლიო ათეულში შედის და 17-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს, რომელთა შორისაა: საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია და პორტუგალია.