LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ აპირებს საქართველოში ჩამოსვლას Leo Jee – მომღერლის ამერიკული ცხოვრების დეტალები

28

ლევან ჯიბლაძე ქართველმა მსმენელმა პირველად 2007 წელს სატელევიზიო პროექტშ “იმედის ტალღაში”მოისმინა. სწორედ აქედან იწყება მისი მუსიკალური მოღვაწეობა, რასაც მოყვა “ვარსკვლავების აკადემია” და სხვა კონკურსები. საქართველოში ლეო ბოლოს “ევროვიზია საქართველოს“ შესარჩევ ტურში გამოჩნდა, თუმცა გამარჯვება ვერ მოახერხა.

უკვე ორი წელია რაც Leo Jee საქართველოში აღარ მოღვაწეობს. მუსიკოსი შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად. “დღეს ზუსტად ორი წელი შესრულდა რაც ნიუ იორკში გადმოვსახლდი. როგორ სწრაფად გადის დრო!” – ასეთი სტატუსი გამოჩნდა მომღერლის ფეისბუქზე რამდენიმე დღის წინ. ჩვენც გადავწყვიტეთ დავკავშირებოდით და გაგვეგო რას საქმიანობს და რა სიახლეები აქვს შტატებში გადახვეწილ მუსიკოსს…

ლეო რამდენიმე დღის წინ გეწერა ფეისბუქზე, რომ უკვე ორი წელი გავიდა მას შემდეგ რაც ამერიკაში წახვედი. როგორ შეეგუე ამერიკულ ცხოვრებას?

– პირველ რიგში მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ პირადად თქვენ და თქვენს კოლექტივს, იმიტომ რომ ყოველთვის გვერდში მიდგახართ. კი, ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოდან შეერთებულ შტატებში გადმოვსახლდი. რომ გითხრათ რომ მარტივად შევეგუე, ან რომ გითხრა რომ რთულად, ტყუილია. თუმცა, რა თქმა უნდა, იყო ძალიან ბევრი სირთულე, იყო მომენტევი, როდესაც ვფიქრობდი, რომ არაფერი არ გამოვიდოდა, მაგრამ ალბათ უფლის წყალობით და იმით, რომ მაქვს ჟინი და მონდომება, დღესდღეობით რაღაც ნაბიჯებს ვდგამ იმისთვის, რომ ჩემი ოცნება ავისრულო.

სამი წლის წინ, როდესაც ევრივიზიაზე სცადე ბედი და სამწუხაროდ საერთაშორისო კონკურსს მიღმა აღმოჩნდი, ხომ არ გაგიჩნდა ის მომენტი, რომ საქართველოზე გული აგიცრუვდა. იყო თუ არა ეს ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც აქედან წახვედი?

– საინტერესო შეკითხვაა, თუმცა არა. რა თქმა უნდა არა. არანაირად არ იყო ეგ მიზეზი. უბრალოდ მინდა ვთქვა ისეთი რამ, რაზეც ზოგადად მომღერლები არ საუბრობენ ხოლმე. ზოგადად ადამიანებს არ ახასიათებთ ხოლმე თავის წარსულზე საუბარი. ყველა მაგარია და ყველა კარგია, ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოთ, მაგრამ მე ვამბობ, რომ იმ მომენტში როდესაც მე ევროვიზიაზე ვცადე ბედი, დღევანდელი გადმოსახედიდან, ვიტყვი რომ არანაირად არ ვიყავი მზად ევროვიზიისთვის. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სიმღერა კარგი იყო და მე მგონია, რომ კარგი იყო. პირადად მე არ ვიყავი მაშინ მზად იმისთვის, რომ იმ ხარისხით და იმ დონეზე წარმედგინა ქვეყანა, როგორიც მე წარმომიდგენია დღეს. თუმცა სიმართლე გითხრათ ევროვიზიასთან დაკავშირებით არანაირად არ მქონია გულისტკენა. რაც შეეხება შეერთებულ შტატებში ჩემს საცხოვრებლად გადმოსვლას, უბრალოდ ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, ყოველთვის მინდოდა, რომ შეერთებულ შტატებში გამეგრძელებინა ჩემი მოღვაწეობა. რა თქმა უნდა რთული იყო, მაგრამ ჩემი დამსახურებებით, იმით რაც მიკეთებია წლების მანძილზე, უამრავი კონკურსი და ა.შ., გამოვიყენე ყველაფერი და მომცეს ექსტრაორდინალური ტალანტის მქონე ადამიანის საბუთი, რის საფუძველზეც ავიღე “გრინ ქარდი“ და რამდენიმე წელში მოქალაქეც ვიქნები, აქედან გამომდინარე ჩემი პირველი ნაბიჯები შეერთებულ შტატებში, რისთვისაც წამოვედი, სირთულეების მიუხედავად, ფაქტობრივად პირველივე წელს წარმატებულად გადავდგი.

ახალ სიმღერებზე მუშაობ?

– კი, ვმუშაობ. უკვე მზად მაქვს რამდენიმე სიმღერა. აღარ ვსაუბრობ უკვე წინასწარ არაფერს, მთავარია შედეგი! თუმცა ის რასაც შევთავაზებ მსმენელს იქნება სრულიად განსხვავებული ჩემი შემოქმედებისგან.

მაინც, მოკლედ რომ გვითხრა რითი აპირებ ამერიკელი მსმენელის გულის მოგებას?

– ძალიან რთულია! ასე მარტივი არ არის საუბარი როგორც ახასიათებთ. რთულია. ჯერ ერთი უნდა შექმნა ისეთი მუსიკა რომ ლეიბლი დაინტერესდეს – აი ესაა მიზანი, დანარჩენზე არ ვფიქრობ.

ამჟამად რას საქმიანობ?

– ამჯამად ვმღერი და ჩემი პროფესიით ვირჩენ თავს. :) მანამდე ვმუშაობდი ბარმენად, ძალიან საინტერსო იყო.

საქართველოში თუ აპირებ დაბრუნებას და შენი საქმიანობის აქ გაგრძელებას?

– რა თქმა უნდა არა. ასე მოკლედ და კონკრეტულად. დღესდღეობით მაგაზე არც ვფიქრობ. ჩამოსვლით ვაპირებ ჩამოსვლას, მომავალ წელს, ცოტა ხნით. ბაბუაჩემს აქვს იუბილე, 80 წლის ხდება და აქედან გამომდინარე ძალიან მინდა რომ დავესწრო. რაც შეეხება საქართველოში ჩემი კარიერის გაგრძელებას, არამგონია გავაგრძელო. ყოველშემთხვევაში ჯერჯერობით არა.

პირად ცხოვრებაში თუ გაქვს სიახლეები?

– არა, არანაირი ძვრები არ არის მაგ მხრივ. ყველაფერი ძველებურად. პრინციპში არც ვფიქრობ. ალბათ არც უნდა იფიქრო, თავისით ხდება ხოლმე ეგეთი რაღაცები. სიმართლე რომ გითხრათ არც განვიცდი, მაგრამ სასურველი იქნებოდა რომ ვიღაც იყოს. საინტერესო, ლამაზი, მხიარული. ერთი სიტყვით, ყველაფერს თავისი დრო აქვს ალბათ.

მართალია ორი წელი არც ისე დიდი დროა, მაგრამ როგორ აფასებ ახლანდელ ქართულ შოუბიზნესს? შენი აზრით შეიცვალა რამე?

– ალბათ შეიცვალა, იქიდან გამომდინარე, რომ ვუყურებ, ვადევნებ თვალ-ყურს რაღაც-რაღაცებს და არიან ვიღაცები ვინც მუშაობენ. ხარისხიანად აკეთებენ თავიანთ საქმეს, მაგრამ გლობალურად რა თქმა უნდა არ შეიცვალა

თუ გაქვს უკვე მზად, ან ახალ კლიპზე თუ მუშაობ?

– აუცილებლად ვიმუშავებ, გპირდებით. უბრალოდ ის რაც მინდა რომ გაკეთდეს ცოტა დროს მოითხოვს, აქედან გამომდინარე ძალიან კარგი, დახვეწილი, ლამაზი სანახავი კლიპით დაგიბრუნდებით.

დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ.

– გმადლობთ.

გუგა ლეჟავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები