7 მაისს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ ბოხუას კარდიოვასკულური ცენტრის კარდიო-პულმონოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ზურაბ ფაღავა და ამავე დეპარტამენტის კარდიოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი რუსუდან აგლაძე სტუმრობდნენ, რომელთაც კარდიოლოგისა და პულმონოგის ერთობლივი მუშაობის უპირატესობაზე ისაუბრეს.
– ბატონო ზურაბ, რა განაპირობებს კარდიოლოგიურ პაციენტებში პულმონოლოგიურ პრობლემებს და პირიქით?
– ადამიანის ორგანიზმი ძალიან რთულადაა მოწყობილი, რადგან რამდენიმე სისტემისგან შედგება. ცალკე გამოიყოფა გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემები, რომლებიც სხვებზე მეტად არიან ერთმანეთზე დამოკიდებული. თუნდაც 3 წამით რომ გაჩერდეს გულის ან ფილტვის მუშაობა, ადამიანი გონებას დაკარგავს, ფუნქციის აღდგენა კი, უნდა ძალიან სწრაფად მოხდეს, რადგანაც დაგვიანება აუცილებლად შეუქცევად ცვლილებებს გამოიწვევს. პაციენტები ხშირად უჩივიან ძილიანობას და ქოშინს, სწრაფად დაღლას და არასასიამოვნო შეგრძნებას გულ-მკერდის არეში. ასეთ შემთხვევაში ექიმი ვალდებულია ჩაატაროს გულის, ფილტვების დიფერენციული დიაგნოსტიკა და დაადგინოს პაციენტის ჩივილის მიზეზი. შეუძლებელია ერთმა პათოლოგიამ მეორეს გართულდება არ გამოიწვიოს და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენს ცენტრში კარდიო-პულმონოლოგიური დეპარტამენტის შექმნა, რომელიც პათოლოგიების უფრო დეტალურად კვლევის შესაძლებლობას იძლევა.
– ქალბატონო რუსუდან, რამდენად მნიშვნელოვანია კარდიოლოგისა და პულმონოლოგის ერთად მუშაობა და რამდენად დადებითად აისახება ამგვარი თანამშრომლობა პაციენტის ჯანმრთელობაზე?
– თანამედროვე მედიცინაში სწორედ მულტიდისციპლინარულ მიდგომას ანუ რამდენიმე სპეციალისტის ერთობლივ მუშაობას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. ჩვენს შემთხვევაში კი, პრაქტიკულად შეუძლებელია კარდიოლოგიური პაციენტის მკურნალობა პულმონოგის კონსულტაციის გარეშე და პირიქით.
– ბატონო ზურაბ, რამდენად მიღებულია დასავლურ ქვეყნებში სტაციონარის პირობებში კარდიოლოგიური და პულმონოლოგიური მიმართულებების სიმბიოზი?
– რა თქმა უნდა, მსგავსი მულტიდისციპლინური მიდგომა სხვა ქვეყნებშიც არსებობს, რადგან სწორედ გული და ფილტვებია უმნიშვნელოვანესი ორგანოები ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად.
– რამდენად ხორციელდება თქვენს კლინიკაში პულმონოლოგიური ინტერვენციული ჩარევა?
– საბედნიეროდ, ჩვენი კლინიკა ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან კლინიკებს შორის, სადაც მსგავსი პროცედურა ტარდება. ვფიქრობ, ძალიან ეფექტური და მეტად შედეგიანია ამგვარი მეთოდით იმ პაციენტების მკურნალობა, ვისთვისაც მედიკამენტური კურსის ჩატარება საკმარისი არ აღმოჩნდა.
– ქალბატონო რუსუდან, როგორ ხორციელდება პაციენტების ერთობლივი მართვა?
– პაციენტების უმეტესობა ქოშინის ჩივილთ გვაკითხავს, რომელიც ერთის მხრივ, გულის უკმარისობასთან, მეორეს მხრივ, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციულ დაავადებასთან, ბრონქულ ასთმასთან და სხვა პულმონოლოგიურ პათოლოგიებთან ასოცირდება. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როცა პაციენტი ერთი დარგის სპეციალისტთან მკურნალობს, მაშინ როცა სინამდვილეში მეორე დარგის სპეციალისტის კონსულტაცია სჭირდება. ჩვენს შემთხვევაში ერთობლივად ხდება ორივე ტიპის პათოლოგიების კვლევა და მკურნალობის სტრატეგიასაც ერთობლივად შევიმუშავებთ