გია ჟორჟოლიანმა პარტია „სოციალ-დემოკრატები – საქართველოს განვითარებისათვის“ თავმჯდომარის პოსტი დატოვა.
ჟორჟოლიანმა განცხადება პარტიის ფეისბუქგვერდით გაავრცელა და წევრებსა და მხარდამჭერებს მიმართა.
„ჩვენს ქვეყანაში დღეს არსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ჩემი საქმიანობისთვის უფრო შესაფერისი სფერო არის საზოგადოებრივი და აკადემიური საქმიანობა, ვიდრე პრაქტიკული პოლიტიკა.
ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან.
წესდების შესაბამისად, ყრილობის მოწვევამდე, თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება ვთხოვე პარტიის აღმასრულებელი კომიტეტის წევრს, უნივერსიტეტის პროფესორს ქალბატონ ეკა ლეკაშვილს.
მინდა, ჩვენი პარტიის ყველა წევრსა და მხარდამჭერს დიდი მადლობა გადავუხადო გულწრფელი თანადგომისთვის, აქტიური და ინტენსიური, უაღრესად სასიამოვნო თანამშრომლობისთვის.
დღესაც მიმაჩნია, რომ ქვეყნის განვითარების გზა სოციალ-დემოკრატიულ იდეებზე და პრინციპებზე გადის და კვლავაც არანაკლებ თავდაუზოგავი შრომით გავაგრძელებ ამ იდეების მხარდაჭერას საზოგადოებრივი აქტივობის ფორმით“, – წერს გია ჟორჟოლიანი.