LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ დგას ზესტაფონში სტალინის ძეგლი – მერის განმარტება

1180
stal

2011 წლის 31 მაისს, საქართველოში ამოქმედდა კანონი, რომლის მიხედვით კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიის სიმბოლიკის გამოყენება აკრძალულია.

თუმცა ამ დრომდე არიან ადამიანები, ვინც რუსეთის მმართველის, ვლადიმირ პუტინის მსგავსად ფიქრობს, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევა დიდი გეოპოლიტიკური შეცდომა იყო.

ასეთ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება ზესტაფონში სამშენებლო საწარმო გაერთიანება „იმერეთის” მფლობელი რუბენ ჩინჩალაძე. მან საკუთარი საწარმოს ეზოში წლების წინ დადგა სტალინის ბიუსტი და ცოტა ხნის წინ ის დიდი ზომის ძეგლით შეცვალა. ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით „ფორტუნა“ ზესტაფონის მერს, გიორგი გოგლიჩიძეს ესაუბრა.

„ადგილი, სადაც ძეგლი დგას, არის კერძო ტერიტორია, ზუსტად ვერ გეტყვით 10, შეიძლება 15 წელია სტალინის ძეგლი იმ ადგილას დგას. ვერცხლისფერი წარწერა თუ ჰქონდა და გაუკეთა ოქროსფერი, არ ვიცი, ვერ გეტყვით, როგორ შეცვალა მფლობელმა ძეგლი.

საწარმოს მფლობელი რუბენ ჩინჩალაძე, სტალინელის პარტიის წევრია. მარტო მე კი არა, სტალინის ძეგლის დანახვა გზიდან ყველას შეუძლია. პირადად მე არ მინახავს, ძეგლთან ყვავილებით შეკრებილი ხალხი. მგონი, საქართველოში 2012 წლის 1 ოქტომბერს დამთავრდა ის დრო, როცა ვინმე ვინმეს კერძო საკუთრებაში უვარდება და რაღაცეებს უნგრევს. კანონსაწინააღმდეგო ქმედება მას არ ჩაუდენია. პირად საკუთრებაში ვისაც სურვილი ექნება, თუ ენდომება სტალინის ძეგლს დადგამს და თუ ენდომება ლენინის“, – განაცხადა ზესტაფონის მერმა ჩვენთან საუბარში.

 

სოციალურ ქსელში ვრცელდება სტალინის ძეგლთან გადაღებული ფოტოები.

აღსანიშნავია, რომ საწარმოს მფლობელი საკუთარი საქციელის გამართლებას სტალინის შესახებ გამოთქმულ შეფასებებით ხსნის. ძეგლის კვარცხლბეკზე ვკითხულობთ გამონათქვამებს, რომელიც ისტორიის არმცოდნე ადამიანებს, სტალინისადმი კეთილად განაწყობს.

სტალინის ეპოქაში 5 მილიონზე მეტი ადამიანი გადაასახლეს სხვადასხვა მიზეზით, ხოლო მათი დიდი ნაწილი დახვრიტეს. 1937-38 წლებში საქართველოდან 14 679 ადამიანი გადაასახლეს, 14 372 კი დახვრიტეს. მათგან 3443 ადამიანი პირადად იოსებ სტალინის ბრძანებით დახვრიტეს.

გარდა ამისა, 1921 წელს საბჭოთა რუსეთმა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის გადაწყვეტილება სწორედ სტალინის ინიციატივით მიიღო.
მისივე რეკომენდაციით გადაეცა თურქეთს ძირძველი ქართული მიწები ართვინიდან არდაგანამდე; სომხეთს – ლორე-ტაშირი; ხოლო აზერბაიჯანს – ისტორიული ჰერეთის ნაწილი.

სტალინისადმი შეხედულება დღემდე განსხვავებულია. მცირე ნაწილი ეთაყვანება, ნაწილი კი მისი კულტის დანგრევას ცდილობს – ანგრევენ ძეგლებს, ასხამენ საღებავებს და ა.შ.

თუშეთის სოფელ ზემო ალვანის ცენტრში საბჭოთა ბელადის ძეგლი 2011 წლის ივნისში ფარულად აიღეს, თუმცა, ერთი წლის შემდეგ, მოსახლეობის ნაწილის მოთხოვნით, უკან დააბრუნეს.
იგივე განმეორდა თელავის რაიონის სოფელ აკურაში. აქ, სტალინის ბიუსტის დემონტაჟი 2010 წელს განხორციელდა, თუმცა ერთ-ორ წელიწადში სტალინის დაბადების დღეზე, 21 დეკემბერს, სტალინი სოფლის ცენტრში ისევ დაბრუნდა. 7 თებერვალს კი ბიუსტს ვარდისფერი საღებავი შეასხეს.
წლების წინ „იერიში“ სტალინის ძეგლზე კიკეთის დასახლებაში, სოფელ დიდებაშიც მიიტანეს. აქაც ხელწერა და საღებავის ფერი იგივე იყო.

ძეგლებთან ბრძოლის ქართული ისტორია: ვინ გამოგვრჩა და ვისი ძეგლის დადგმა იგეგმება

სტალინმა ამ დრომდე ვერ დაიმსახურა მშობლიურ ქალაქში ხალხის სიყვარული.

ჯამში საღებავების შესხმის აქციამ საქართველოს რამდენიმე რეგიონი მოიცვა.

პიკი იყო სტალინის ძეგლის აღება გორის ცენტრიდან 2010 წლის 25 ივნისს.

იმ ადგილზე, სადაც სტალინის ძეგლი იდგა, წინა ხელისუფლება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში და სტალინური საბჭოთა რეპრესიების შედეგად დაღუპული ადამიანების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის გახსნას აპირებდა, თუმცა ეს გეგმა განუხორციელებელი დარჩა.

და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, რომელიც საბედნიეროდ განუხორციელებლი დარჩა, თორემ საშვილიშვილოდ მოგვეჭრებოდა თავი.

მამა დავითზე, იქ, სადაც დღეს თბილისის ანძა დგას, სტალინის 80 მეტრის სიმაღლის ძეგლის დადგმა ჰქონდათ განზრახული.
არქიტექტორი კირაკოსიანი მონუმენტზე ექვსი წლის განმავლობაში მუშაობდა და სურდა ძეგლი თბილისის თავზე აღემართა, როგორც “გრანდიოზული პიროვნების გრანდიოზული გამოხატვის” მაგალითი.
პირით აღმოსავლეთისკენ დადგმული საბჭოთა ბელადის სახის ნაკვთები დილით, ამომავალი მზის სხივებს უნდა გაენათებინა, საღამოს კი, დედაქალაქს სტანილის სილუეტი უნდა დასდგომოდა თავზე.

რას ვართ გადარჩენილები…

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g