ბახმაროში მიწის ნაკვეთის 1 ლარად გაყიდვის თემაზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია კურორტ ბახმაროში კომპანია „ორბი ჯგუფისთვის“ 1 ლარად მიწის ნაკვეთის გადაცემასთან დაკავშირებით, შეიცავს რიგ უზუსტობებს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
“მედიაში გავრცელებული ინფორმაცია კურორტ ბახმაროში კომპანია “ორბი ჯგუფისთვის” 1 ლარად მიწის ნაკვეთის გადაცემასთან დაკავშირებით, შეიცავს რიგ უზუსტობებს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. ამასთან 2 ივნისს, ტელეკომპანია რუსთვი2-ის მიერ გადაცემა P.S-ში გაშვებულ სიუჟეტში მოცემული ფაქტები არ იყო სააგენტოსგან გამოთხოვილი, შესაბამისად შეიცავდა არაზუსტ ინფორმაციას.
შპს „ორბი ჯგუფი ბახმარომ“ ქონების ეროვნულ სააგენტოში წარმოადგინა წერილობითი განცხადება, რომლის მიხედვითაც, იმ შემთხვევაში თუ კომპანიას მიწის ნაკვეთები გადაეცემოდა პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ერთ ლარად, ის აიღებდა ვალდებულებას განეხორციელებინა მასშტაბური – 50 მილიონი ლარის ინვესტიცია და კურორტზე მოაწყობდა სასტუმროებს, კომერციული ფართებს, კვების ობიექტებსა და სპორტულ მოედნებს.
პარალელურად, სააგენტოს მიმართა კიდევ ერთმა კომპანიამ, რომელიც ასევე ითხოვდა სიმბოლურ ფასად 1 ლარად მიწის გადაცემას 2 მლნ ევროს ინვესტიციის განხორციელების პირობით. საინვესტიციო პირობების უკეთ დაკმაყოფილების საფუძველზე შეირჩა „ორბი ჯგუფი“, თუმცა მეორე კომპანიასთან გაგრძელდა მოლაპარაკება მისთვის ბახმაროში სხვა ტერიტორიის შეთავაზების მიზნით.
აღსანიშნავია, რომ ბახმაროს ნებისმიერი მშენებლობა ხორციელდება მთავრობის განკარგულებით დამტკიცებული სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის ფარგლებში, რომლითაც ბახმაროში მაღალსართულიანი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა აკრძალულია.
აღნიშნული დოკუმენტი გამორიცხავს ბახმაროს ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის ისეთ განვითარებას, რომელიც დაუშვებელია ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების წესების მიხედვით. აღნიშნული დოკუმენტაციის არსებობა არის უმნიშვნელოვანესი როგორც ტერიტორიის სწორად განვითარებისათვის, ასევე ინვესტორთათვის, რათა მათ განახორციელონ პროგნოზირებადი და გარანტირებული ინვესტიცია.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში კონკურენტული და ბიზნეს მეგობრული გარემოს დაცვას. სააგენტო მზადაა ითანამშრომლოს ყველა ინვესტორთან, რომლის მიზანსაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, მათ შორის, ბახმაროში ინვესტიციის განვითარება, ბიზნესის დაწყება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა წარმოადგენს. სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია თითოეული საინვესტიციო წინადადება, რისი გათვალისწინებითაც სააგენტო განაგრძობს ნებისმიერ მსურველ კომპანიასთან საინვესტიციო წინადადებების განხილვას ბახმაროს ტერიტორიაზე თუ სხვაგან“, – ნათქვამია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.