LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ჰქონდა რთული ურთიერთობა სააგენტო „ნატალისთან“ ლიზა ყაზბეგს: „ანუკი არეშიძის დედამ გადაწყვიტა, რომ მისი შვილი ჩვენთან გადმოსულიყო. მის მომზადებაშიც დიდი შრომა ჩავდე და შეიძლება ინტერესს ისიც მაძლევდა, რომ კონკურენტი სააგენტოდან გადმოვიდა..“

305
ლიკა ყაზბეგი და ანუკი არეშიძე

ლიზა ყაზბეგი ჟურნალ „გზასთან“ წლების წინანდელ ამბებს იხსენებს, როდესაც მის სააგენტოში ანუკი არეშიძე და გიორგი გველესიანის მეუღლე, ლინდა კიკოლაშვილი ერთად დადიოდნენ…

– ინტერვიუს დასაწყისში ახსენეთ, რომ ბევრი გოგონა აღმოაჩინეთ…

– დიახ, ვინც ახლა გამახსენდა, ეს გახლდათ, ნინო ჩქარეული… ქუჩაში მიდიოდა და ყურადღება მივაქციე არა მარტო მის ეფექტურ, არაჩვეულებრივ გარეგნობას, არამედ სიარულსაც – რამდენიმე შეცდომა ჩანდა… ისეთი ქორეოგრაფიც კი, როგორიც არმენი გახლდათ, მეუბნებოდა, მისგან არაფერი გამოვაო, მაგრამ მე არ დავუშვი სააგენტოდან ნინოს გაშვება და მას შემდეგში ძალიან დიდი წარმატებები ჰქონდა, „მის თბილისიც“ გახდა, რამაც მის პოპულარობას ხელი შეუწყო… შემდეგ ყველაფერი ისე წარიმართა, რომ ნინო ჩქარეული კონკურენტ სააგენტოში გადავიდა. ამ სააგენტოს ჰყავდა ადამიანი, რომლის სამუშაოც იყო, სხვა სააგენტოებიდან გოგონები გადაებირებინა… აქ ვასრულებ საუბარს, მეტს აღარ გავაგრძელებ…

– როგორც ვიცი, კარიერის დასაწყისში თქვენთან აღმოჩნდა ანუკი არეშიძეც…

– დიახ და მის შემთხვევაში პირიქით მოხდა… ნინო ჩქარეული სადაც გადავიდა, იმ სააგენტოდან ჩვენთან გადმოვიდა ანუკი არეშიძე… მე და სააგენტო „ნატალის“ რთული ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ იმ პერიოდში დალაგებული ვიყავით და ანუკის ვუთხარი, ერთდროულად ჩემთანაც ყოფილიყო და „ნატალიშიც”. ეს პრაქტიკა საქართველოში მისაღებია. თუმცა ანუკის დედამ გადაწყვიტა, რომ მისი შვილი ჩვენთან გადმოსულიყო. მის მომზადებაშიც დიდი შრომა ჩავდე და შეიძლება ინტერესს ისიც მაძლევდა, რომ კონკურენტი სააგენტოდან გადმოვიდა… ანუკი გადასარევი ბავშვი იყო, ძალიან ნიჭიერი, სიარულის ხელოვნება და სხვა ყველაფერიც მალე აითვისა… შემდეგ საქართველოს რამდენიმე სამოდელო სააგენტოში იყო, სოფო ჭყონიასთან თანამშრომლობდა, მაგრამ მისი მშობლები, განსაკუთრებით ბატონი ბადრი (რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ) ხშირად ამბობდა, რომ საქართველოში, სადაც ანუკიმ ყველაზე მეტი შეიძინა, ეს ჩემი სააგენტო იყო.

– ცოტა ხნის წინ პოსტი გამოაქვეყნეთ. ფოტოზე ჩანდა, რომ წლების წინ თქვენ მიერ გამართულ ჩვენებაში მონაწილეობდა ლინდა კიკოლაშვილი და გიორგი გველესიანი…

– დიახ… ლინდა და ანუკი ჩვენს სამოდელო სააგენტოში ერთსა და იმავე პერიოდში ემზადებოდნენ… ლინდას არაერთ ჩვენებასა და პროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული. ძალიან აქტიური, ნიჭიერი გოგონა იყო. ჩვენთან თინეიჯერულ ასაკში მოვიდა და იმდენად სხარტი გონებით გამოირჩეოდა, მასთან ურთიერთობა ძალიან გვიადვილდებოდა… ბევრგან გადაიღეს – რეკლამებში, ფილმში, სერიალში… ეს მხოლოდ ჩემი დამსახურება არ ყოფილა. ლინდა ძალიან კომუნიკაბელური იყო, ბევრ რეჟისორთან, მსახიობთან მეგობრობდა. თავისი ტალანტი გამოავლინა და შემდეგ სერიოზული ბიზნესლედი გახდა, კომპანია დაარსა, რომელთანაც ვთანამშრომლობდი. როგორც ვიცი, კიდევ ბევრ პროექტშია ჩართული და უფრო მეტს მიაღწევს.

ლინდა ჩვენს პროექტში “წარმატებული ქალი პოდიუმზე” მონაწილეობდა, საიუბილეო ჩვენებაზე გამოვიყვანე. მაშინ ლინდა და გიორგი შეყვარებულები იყვნენ… მახსოვს, ჩვენებაზე გიორგი ფეხზე იდგა, არც დამჯდარა. როგორც ყველა მონაწილეს, ლინდასაც რამდენიმე მოსაწვევი ჰქონდა, მაგრამ გიორგი ფეხზე მდგომი, თავის რჩეულის ცქერით ტკბებოდა… ძალიან მიხარია ასეთი ღირსეული მეუღლე რომ ჰყავს. სხვაგვარი მამაკაცი ლინდას გვერდით ვერც წარმომედგინა.

ჩემი ყოფილი მოწაფეების მიმართ მშობლიური გრძნობა სიცოცხლის ბოლომდე გამყვება. სულ ჩასაფრებული ვარ, მათი ამბები გავიგო. მთელ მსოფლიოში არიან მიმობნეული.

დღეს მართალია, ახალი თაობისთვისაც ვმუშაობ, მაგრამ ისინიც სულ მახსოვს და ეს ძალიან სასიამოვნოა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები