LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ითამაშა ჯანომ – ქართველი ლეგიონერები კლუბებს დაუბრუნდნენ

115
i_b2a488cfa3b6af2f5c3f47e41f4bd075_1553888600314968_0

გასულ შაბათ-კვირას საკლუბო ფეხბურთი დაბრუნდა და ბუნებრივია ჩვენმა ლეგიონერებაც ითამაშეს. რამდენიმემ წარმატებითაც.

რუსეთის პრემიერლიგის 21-ე ტური სამარაში დაიწყო, სადაც „კრილია სოვეტოვმა“ ტულის „არსენალს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.
„კრილიას“ რიგებში 74 წუთი ითამაშა ჯანო ანანიძემ და შემდეგ შეცვალეს, ხოლო „არსენალის“ შემადგენლობაში შეუცვლელად იყო მოედანზე გია გრიგალავა.
ამ შემთხვევაში საინტერესო იყო ჯანოს გამოჩენა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ სანაკრებო მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. ფეხბურთელმა ახსნა მისი ნაკრებში არყოფნის მიზეზი: “საქმე ისაა, რომ შვეიცარიასთან თამაშის შემდეგ ნაოპერაციები მუხლის ტკივილი ვიგრძენი, რომელიც ოდნავ გასიებულიც იყო. ამის თაობაზე ნაკრების ექიმს ვესაუბრე და ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ ხანგრძლივი გადაფრენებისგან თავი შემეკავებინა და გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, უმჯობესი იქნებოდა რამდენიმე დღიანი პაუზა ამეღო. 23 მარტის შემდეგ 6 დღე გავიდა და ამიტომაც გადავწყვიტე, მეთამაშა”.

 

მოსკოვის „ლოკომოტივმა“ კი ჩემპიონის ტიტულის შესანარჩუნებლად დერბიში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა: რკინიგზელებმა თანაქალაქელი „დინამო“ გასვლაზე 1:0 დაამარცხეს და მეორე ადგილზე არიან. საბა კვირკველიამ 90 წუთი ითამაშა, ხოლო 18 წლის ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე 55-ე წუთზე გამოჩნდა და მთავარი მწვრთნელის, იური სიომინის ქება დაიმსახურა.
„კვარაცხელიას შესვლა მაშინ, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, შეტევის გასაძლიერებლად დაგვჭირდა. მან თავი კარგად გამოავლინა და რამდენჯერმე თამაში გაამწვავა. ყველა ხედავს, კვარაცხელიას რაც შეუძლია. მას შანსი კიდევ ბევრჯერ მიეცემა“, – ამბობს სიომინი.

“ძალიან კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ ვცდილობდი, ვამწვავებდი. რამდენიმე კარგი მომენტი იყო. მთავარია გავიმარჯვეთ”, – ეს უკვე ქართველმა ფეხბურთელმა თქვა.

 

პოლონური “ზაგლებიეს” მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა გიორგი გაბედავამ. 27-ე ტურში სოსნოვიცელებმა სტუმრად “მიედზ ლეგნიცა” 2:0 დაამარცხეს, ქართველმა ფორვარდმა მე-17 წუთზე ანგარიში გახსნა. მან 77-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო მისი თანაგუნდელი გიორგი ივანიშვილი თამაშში 90-ე წუთიდან ჩაერთო.

პოლონეთის ექსტრაკლასას 27-ე ტურში გიორგი მერებაშვილის „ვისლამ“ შინ „ზაგლებიესთან“ 0:1 წააგო. ქართველი თამაშში 73-ე წუთიდან ჩაერთო.

 

მეორე ბუნდესლიგის 27-ე ტურში გიორგი ლორიამ კარი მშრალად შეინახა (90 წთ) „მაგდებურგისა“ და „ჰაინდენჰაიმის“ უგოლო შეხვედრაში.

 

გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის “სან ხოსემ” ჩემპიონატი ცუდად დაიწყო და მდგომარეობა ვერც მეოთხე ტურში გამოასწორა (ოთხივე წაგება). კალიფორნიული დერბიში “სან ხოსემ” დასავლეთ კონფერენციის ლიდერს “ლოს ანჯელესს” უმასპინძლა და 0:5 დამარცხდა. ქართველი ფეხბურთელები ძირითად შემადგენლობაში იყვნენ – კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, ყაზაიშვილმა კი მოედანი შესვენებაზე დატოვა.

 

დანიის სუპერლიგის 28-ე ტურში საბა ლობჟანიძის “რანდერსმა” სტუმრად “ოლბორგი” 2:1 დაამარცხა. შესვენების შემდეგ ლობჟანიძემ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი მის მიერ კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი პედერსენმა საკუთარ კარში ჩაჭრა. სხვათა შორის, თავიდან ეს გოლი საბას ჩაუთვალეს, მაგრამ მერე პროტოკოლში შეცვალეს.

ოთარ კიტეიშვილის “შტურმი” შინ “სანკტ პოლტენთან” დამარცხდა 0:1. კიტეიშვილი 59-ე წუთზე გამოცვალეს.

შვეიცარიაში ლევან ხარაბაძემ სრულად ითამაშა “ციურიხის” შემადგენლობაში, რომელმაც სტუმრად 0:1 წააგო “სიონთან”. ოთარ კაკაბაძე კი “ლუცერნში” ისევ სათადარიგო იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები