„ძალიან ძნელია დღეს, წინასწარ გააკეთო ზუსტი პროგნოზი, თუ რამდენი ინფიცირებული გვეყოლება მომავალ წელს”, – აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე, რომელმაც განმარტა, თუ რატომ შემცირდა 2022 წლისთვის ჯანდაცვის ბიუჯეტში COVID-19-ის მართვისთვის გამოყოფილი თანხის რაოდენობა.
როგორც კაკაურიძე ამბობს, წელს ჯანდაცვის ბიუჯეტში COVID-19-ის მართვისთვის 820 მლნ ლარამდეა ხარჯი, ხოლო მომდევნო წელს გათვალისწინებულია 500 მლნ ლარი.
„ეს შემცირება გამოიწვია გათვლებმა – გასულ წელს ყველაზე მწვავე პერიოდი გვქონდა ნოემბერ-დეკემბერში, ამიტომ ხარჯები 2021 წელს ავანაზღაურეთ. გადმოყოლილი ვალდებულებების გამო, მეტი თანხის დახარჯვა გახდა საჭირო. მეორე მხრივ, თუნდაც არასაკმარისი, მაგრამ ვაქცინაციის 30%-იანი მაჩვენებლის გათვალისწინებით, მოლოდინი გვაქვს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა შემცირდება, ვიდრე იყო 2021 წელს“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
ამასთან, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ დღეისათვის COVID-ვაქცინების დიდი ნაწილი უკვე შესყიდულია და 2022 წელს ამ მიზნისათვის და დამატებით ინფიცირებულთა სამკურნალოდ 0,5 მლრდ ლარია გათვალისწინებული.