LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ დაარქვეს უკვდავების წყარო? – თუკი იმუნიტეტის გაძლიერება გსურთ, კიდევ ერთი ადგილი გელით

216
BeFunky-collage (57)

საქართველოს ტერიტორიაზე 2000-ზე მეტი სამკურნალო წყალია აღმოჩენილი, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობა სამკურნალოდ იყენებდა. სანამ პანდემია გადაივლის და სხვა ქვეყნებში მოგზაურობასაც თავისუფლად შევძლებთ,საუკეთესო დროა ჩვენი კურორტებით მდიდარი ქვეყნის ფარგლებში დასვენება და გაჯანსაღება. თუკი იმუნიტეტის გაძლიერება გსურთ, კიდევ ერთი ადგილი გელით.

ჯერ კიდევ მე-7 საუკუნიდან გახდა ცნობილი წყალტუბოს  სამკურნალო თვისებების შესახებ. მოგვიანებით კი,  მისი საოცარი  წყლების შესახებ ქვეყნდება 1782 წელს „ბერლინის საბუნებისმეტყველო საზოგადოების შრომების“ გამოცემებში, რომელიც იძლევა აქ არსებული მინერალური წყლების დახასიათებას. წყალტუბო მსოფლიო მნიშვნელობის კურორტია.

ქალაქი მდინარე წყალტუბოს წყლის ნაპირზეა გაშენებული. მეოცე საუკუნის დასაწყისში ეს ადგილი  ბალნეოთერაპიის ცენტრად გამოცხადდა. სხვადასხვა დროს აქ გაშენდა სანატორიუმები და პანსიონატი,  სააბაზანოები, საკურორტო პარკი, ასევე კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფილიალი. მისი განახლება დღესაც აქტიურად მიმდინარეობს.

ყველაზე მთავარი რამაც წყალტუბოს პოპულარობა განაპირობა, აქ არსებული თერმულ-მინერალური წყალია, რომელიც  რბილი, კამკამა და უსუნოა. მისი ტემპერატურაა  33-35°-ია.  კურორტ წყალტუბოში იყენებენ აბაზანის მიღების თავისებურ ტექნიკას. აბაზანის მიღების თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ მკურნალობა მიმდინარეობს მუდმივად გამდინარე წყალში, რითაც მუდმივად ინარჩუნებს ქიმიურ და სამკურნალო თვისებებს, ერთგვაროვნებასა და ტემპერატურას. აბაზანები განსაკუთრებით სასარგებლოა საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, ნევროლოგიური, კარდიოლოგიური და გინეკოლოგიური დაავადებების, ასევე  ენდოკრინული სისტემის პათოლოგიების სამკურნალოდ.  საოცარი გამაჯანსაღებელი თვისებების გამო  ამ წყალს  უკვდავების წყარო შეარქვეს.  მკურნალობა კომპლექსურად მიმდინარეობს და პაციენტებს გამოკვლევის შედეგად ენიშნებათ  მინერალური წყლის აბაზანები,  სამკურნალო ფიზკულტურა, წყალქვეშა  მასაჟი, ფიზიო-თერაპია, ელექტროთერაპია და სხვა პროცედურები.

წყალტუბოში ასევე  არის უნიკალური კარსტული მღვიმეები, რომლის მიკროკლიმატი  ასევე  სამკურნალო თვისებებით ხასიათდება.   გარდა გამაჯანსაღებელი თვისებებისა კურორტი სასიამოვნოა დასვენებისთვისაც, რადგან აქაური ბუნება და მშვიდი გარემო საშუალებას იძლევა განტვირთვისთვის. კურორტ წყალტუბოს ტერიტორიაზე გაშენებულია 150-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის მრავალწლიანი ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-ნარგავები. აქვეა  ხელოვნურად შექმნილი  „ცივი ტბა“. ახლოს არის ულამაზე კლდის ნაპრალში გაჭრილი „გაბზარული ტბა“, იგი წყალტუბოდან  დაახლოებით 20 წუთის სავალზეა. ასე რომ შეგიძლიათ ისეირნოთ ულამაზეს ხეივანში, დაისვენოთ პარკში,მიიღოთ სასარგებლო აბაზანები და მოიხსნათ სტრესი, რაც ამ დაძაბული წლის შემდეგ ნამდვილად აუცილებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g