ნებისმიერი დაავადების განვითარება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დოზით მოხვდება ადამიანის ორგანიზმში ვირუსი, თუმცა შემდგომ პროცესებზე პასუხისმგებელი უკვე იმუნური სისტემაა. კორონავირუსის შემთხვევაც გამონაკლისი არ არის. კოვიდ-19-ით დაავადებული პაციენტის მდგომარეობას განსაზღვრავს ის ფაქტი, თუ რა რაოდენობით მოხვდა მის ორგანიზმში აღნიშნული ვირუსი.
ამაზე “ფორტუნასთან” ინფექციური საავადმყოფოს მიმღები განყოფილების ხელმძღვანელმა ისაუბრა. მაია ზალდატანიშვილის განმარტებით, პირბადის გამოყენების რეკომენდაცია, სწორედ აღნიშნულმა ფაქტორმა განსაზღვრა, ვინაიდან, მისივე თქმით, პირბადე არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი დამცავი საშუალება.
“ვირუსის რაოდენობას დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი დაავადების განვითარებაში და კოვიდის შემთხვევაშიც ასეა. რაც უფრო დიდი დოზით არის ინფექცია ორგანიზმში და რაც უფრო მაღალია ინფიცირების დოზა, მით უფრო დიდია ალბათობა სწრაფად განვითარდეს დაავადება, თუმცა მისი მიმდინარეობა ორგანიზმის იმუნურ პასუხზეა დამოკიდებული. ამიტომ პირბადე ეს არის ერთ-ერთ ყველაზე კარგი დამცავი საშუალება, რადგან ის ამცირებს ორგანიზმში ვირუსის დიდი დოზით მოხვედრას”, – განაცხადა ზალდატანიშვილმა.
ვიდეო: ბიძინა კულუმბეგოვი: „თუ ნიღბით დაინფიცირდებით, თქვენი დაავადება მსუბუქად ან საშუალოდ წარიმართება…“
მისივე ინფორმაციით, ამ დროის მდგომარეობით თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ხელოვნური მართვის აპარატზე არც ერთი პაციენტი არ იმყოფება. ზალდატანიშვილის განმარტებით, კლინიკაში მძიმე პაციენტებიც მკურნალობენ, თუმცა მათ შორის არ არიან არასრულწლოვნები. მისივე თქმით, აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში ამჟამად ინფიცირებული სამედიცინო პერსონალი არ ჰყავთ.
“ჩვენთან სტაბილური მდგომარეობაა. არის რამდენიმე კრიტიკული პაციენტი. გავსებულია კლინიკა. მომართვიანობა არის ძალიან დიდი, განსაკუთრებით ცხელების ცენტრზე და ტესტირებაზე. ამჟამად სუნთქვის აპარატზე არც ერთი პაციენტი არ გვყავს. მძიმე პაციენტებს შორის არ არის არასრულწლოვანი. კლინიკაში არ გვყავს ორსულები, არც სამედიცინო პესრონალი. მძიმე პაციენტებს შორის ძირითადად ასაკოვანი მოქალაქეები არიან”, – აცხადებს მაია ზალდატანიშვილი.