პოპულარული ქართული სერიალის „ჩემი ცოლის დაქალები“ ახალ სეზონს გამოაკლდნენ ლელა მებურიშვილი და ეკა ამირეჯიბი, ვინაიდან მათ „იმედზე“ გადაინაცვლეს – ეკამ „ვოისის“ და „დღის შოუს“ წამყვანად, ლელაც ასევე შუადღის გადაცემაში რუბრიკას უძღვება. კატოს როლზე ნინო გაჩეჩილაძე დააბრუნეს, ეკა ამირეჯიბის პერსონაჟი კი საერთოდ აღარ ჩანს.
ამ კვირის სერიაში, „ჩემი ცოლის დაქალებში“ გამოჩნდება რუსკა მაყაშვილი, რომელიც აჩიკო სოლოღაშვილის გმირის, ბექას შეყვარებულის როლს ითამაშებს.
მაყურებელს კი აინტერესებს, რატომ არ გამოჩნდა ახალ სეზონში ნინო კასრაძე. წინა სეზონის სუპერპოპულარობა სწორედ მისი პერსონაჟის, მაკასა და დუდუს ურთიერთობებმა გამოიწვია.
„ჩემი ცოლის დაქალების“ ოფიციალურმა გვერდმა „ფეისბუქზე“ ამ თემას სპეციალური სტატუსი მიუძღვნა. როგორც ჩანს, მაკას ბედით „შეწუხებული“ მაყურებლის დიდმა რაოდენობამ დასვა ერთი და იგივე შეკითხვა.
„ბევრი თქვენგანი გვეკითხება, გამოჩნდება თუ არა მაკა ამ სეზონში. გადავწყვიტეთ, ცოტა დავასწროთ ტელევიზორს და გითხრათ, რომ დიახ, მაკა გამოჩნდება ამ სეზონში და მისი სცენების გადაღებებიც უკვე მიდის. ხოლო დეტალებს: როდის გამოჩნდება, რომელ სერიაში და რა ვითარებაში, ამას უკვე პრომოდან გაიგებთ, როცა ამის დრო მოვა.
ესეც სელფი, რომელიც ნინო კასრაძემ სპეციალურად ჩვენი გვერდისთვის გადაიღო…“ – წერია სერიალის წარმომადგენელთა განცხადებაში.
