LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეალი მთელი მსოფლიოა: სამეფო კლუბმა და რონალდომ რეკორდები დაამყარეს (ვიდეო)

19

მადრიდის „რეალი“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულია. ესპანურმა გრანდმა ფინალში იაპონური „კაშიმა“ დაამარცხა და პლანეტაზე უძლიერესი გუნდის სახელი დაიბევა.

 

* მადრიდის “რეალმა” მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მეორედ მოიგო. მეტი ტიტული მხოლოდ “ბარსელონას” აქვს – 3.
* ეს მადრიდელთა 21-ე საერთაშორისო საკლუბო ტიტულია, ამით “რეალმა” “ბარსელონასა” და ეგვიპტურ “ალ აჰლის” (20-20 ტიტული) აჯობა.
* კრიშტიანო რონალდომ ლეო მესის გაუსწრო საერთაშორისო საკლუბო ტურნირებზე გოლების რაოდენობით.
* რონალდო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
* მესამე ადგილი კოლუმბიურმა “ატლეტიკო ნასიონალმა” დაიკავა.

 

კრიშტიანო რონალდომ ჰეთ თრიკი შეასრულა, ხოლო “რეალმა” საკლუბო ტიტულების რეკორდი დაამყარა. თუმცა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონობა “სამეფო კლუბს” იოლად არ მოუგია.

იაპონიის ქალაქ იოკოჰამას “ნისან სტედიუმზე” 70 ათასამდე ადამიანმა საკმაოდ დაძაბული ორთაბრძოლა იხილა. ყოჩაღ “კაშიმა ანტლერსს”, რომელმაც ბოლომდე იბრძოლა.

მე-9 წუთზე ქარიმ ბენზემამ მეკარის მოგერიებულს დაამატა და ანგარიში გახსნა. ტაიმის მიწურულს იაპონელთაგან საუკეთესო გაკუ შიბასაკიმ გაათანაბრა. მეორე ტაიმში მანვე დიდებულად ითამაშა და კეილორ ნავასის კარი მეორედ დალაშქრა. მე-60 წუთზე იაპონელთა კარში პენალტი დაინიშნა, რადგან მცველები ლუკას ვასკესს ეუხეშნენ, კრიშტიანო რონალდომ ანგარიში გაათანაბრა – 2:2.

დამატებით დროში პორტუგალიელის ბენეფისი ვიხილეთ, ჯერ ბენზემას პასით მეკარესთან პირისპირ გასულმა რონალდომ წინ გაიყვანა “რეალი”, მერე კი კროოსის სუსტ დარტყმულს დაამატა და პრიზი “რეალს” დარჩა.

კრიშტიანომ ამ ჰეთ თრიკით საერთაშორისო საკლუბო ტურნირებში გოლების რეკორდი დაამყარა. მან უკვე 103 გოლი გაიტანა და გაუსწრო ამ მაჩვენებლით “ბარსელონას” არგენტინელ ფორვარდ ლიონელ მესის. რონალდოს ჩემპიონთა ლიგაზე 96 გოლი აქვს გატანილი, 5 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატებზე და 2 ევროპის სუპერთასზე. მესის 93 გოლი აქვს გატანილი ჩემპიონთა ლიგაზე, 5 მსოფლიოს საკლუბო პირველობებზე და 3 ევროპის სუპერთასზე.

კრიშტიანო მსოფლიოს საკლუბო პირველობის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. მოკლედ, 31 წლის პორტუგალიელმა ინდივიდუალურ ტიტულთა კოლექციას კიდევ ერთი შემატა, ოქროს ბურთის მოგებიდან რამდენიმე დღეში მსოფლიოს საკლუბო პირველობის საუკეთესო ფეხბურთელის “ოქროს ბურთიც” მიიღო. მან ამ ტურნირის ორ შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.

“ვერცხლის ბურთი” ლუკა მოდრიჩმა მიიღო, ხოლო გაკუ შიბასაკიმ – “ბრინჯაოს ბურთი”.

მართალია, “რეალისთვის” ეს მეორე ტიტულია მსოფლიოს საკლუბო პირველობაზე, მაგრამ კრიშტიანოსთვის უკვე მესამე გამარჯებაა. მან 2008 წელს ტიტული “მანჩესტერის” შემადგენლობაში მოიგო, 2014-ში კი “რეალის” რიგებში.

 

“ძალიან გვინდოდა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგება და წლის საუკეთესოდ დასრულება. ჩემგან ყოველთვის ბევრს ელიან, მაგრამ მე ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია და მაქსიმალურად ვიხარჯები. ჩემთვის საოცარი კვირა იყო, ჯერ ოქროს ბურთი მივიღე, ახლა კი მსოფლიოს ჩემპიონატი მოვიგე.

ჩემი პარტნიორების გარეშე მე ვერ შევძლებდი ამ ტიტულების მოგებას. ჩემთვის ყველა ტიტული მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ევროპის ჩემპიონობა პორტუგალიის ნაკრებთან ერთად. ბოლო 10 წელია ვცდილობ, მაქსიმალურად მაღალ დონეზე ვითამაშო და კრიტიკას მოედანზე კარგი თამაშით ვუპასუხო.

მომავალშიც გავაკეთებ იმ საქმეს, რომელიც ყველაზე კარგად გამომდის, სიამოვნებას მივიღებ ფეხბურთის თამაშით”, – განაცხადა რონალდომ.

 

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. ფინალი

რეალი-კაშიმა 2:2 (4:2 დ. დ.)
გოლები: 1:0 ბენზემა (9), 1:1 შიბასაკი (44), 1:2 შიბასაკი (52), 2:2 რონალდო (60-პენ), 3:2 რონალდო (98), 4:2 რონალდო (104)
რეალი (4-3-3): ნავასი – კარვახალი, ვარანი, ს. რამოსი (108. ნაჩო), მარსელო – მოდრიჩი (106. კოვაჩიჩი), კაზემირო, კროოსი – ლ. ვასკესი (81. ისკო), ბენზემა, რონალდო (112. მორატა)
კაშიმა (4-4-2): სოგაჰატა – ნიში, უედა, შოჯი, იამამოტო – ენდო (102. იტო), ნაგაკი (114. აკასაკი), ოგასავარა (67. მესიასი), შიბასაკი – კანაზაკი, დოი (88. სუზუკი)
გაფრთხილება: 3-2; კუთხური: 14-6; ჯარიმა: 17-19; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 30-11 (12-5); ბურთის ფლობა: 59%-41%; მაყურებელი: 68 742

 

მატჩი მე-3 ადგილისთვის
ამერიკა-ატლ. ნასიონალი 2:2 (3:4 პენ.)
გოლები: 0:1 სამუდიო (6. ს. კ.), 0:2 გუერა (26), 1:2 აროიო (38), 2:2 პერალტა (66-პენ)

 
მსოფლიოს საკლუბო პირველობის გამარჯვებულები
2000 კორინთიანსი ბრაზილია
2005 სან პაულო ბრაზილია
2006 ინტერნასიონალი ბრაზილია
2007 მილანი იტალია
2008 მანჩესტერი ინგლისი
2009 ბარსელონა ესპანეთი
2010 ინტერი იტალია
2011 ბარსელონა ესპანეთი
2012 კორინთიანსი ბრაზილია
2013 ბაიერნი გერმანია
2014 რეალი ესპანეთი
2015 ბარსელონა ესპანეთი
2016 რეალი ესპანეთი.

გაზეთი „ლელო“

https://www.youtube.com/watch?v=xf6Lib0A2LA

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები