ველური ვარდი – იგივე ასკილი, რომელიც ხელმისაწვდომია ყველასთვის ნამდვილი რეკორდსმენია. მის ნაყოფში C, P და Eვიტამინების დიდი რაოდენობა შედის. მედიკოსები ვიტამინების ბუნებრივ კონცენტრატსაც უწოდებენ. თუ, ამ მცენარის ნაყოფს დროულად შეგროვილსა და სწორად გამომშრალს, სათანადო პირობებში შეინახავთ, მაშინ მასში დიდი რაოდენობით წარმოდგენილი ვიტამინები ბიოლოგიურ აქტივობას 2 წელიწადს მაინც არ დაკარგავს.
ასკორბინის მჟავა ასკილის ნაყოფში საშუალოდ 10-ჯერ უფრო მეტია ვიდრე შავ მოცხარში, 50-ჯერ მეტია ვიდრე ლიმონში და 100-ჯერ უფრო მეტია ვიდრე ვაშლში. განათებულ ადგილებში გაზრდილი ასკილი უფრო მდიდარია ვიტამინებით, ვიდრე დაჩრდილულ ადგილებში გავრცელებული. ასკილი, C ვიტამინის გარდა, უხვად შეიცავს B1, B2, P, K ვიტამინებს, მინერალებს და კაროტინს. ამიტომაც, მისი ნაყენი, ნახარში და სიროფი, უპირველეს ყოვლისა ჰიპო და ავიტამინოზის სამკურნალო და პროფილაქტიკური უნიკალური საშუალებაა.
ასკილის ნაყოფის ნაყენი გამოიყენება თავის ტვინის სისხლძარღვებში სისხლი მიმოქცევის გასაუმჯობესებლად, აგრეთვე თირკმელებში მიმდინარე ანთებითი პროცესების დასაცხრობად. ნაყენის მომზადების წესი ასეთია: 20 გრამ დანაყილ ნედლეულს ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს და 12 საათის განმავლობაში აყოვნებენ თერმოსში. ამის შემდეგ გადაწურავენ და დღეში 3-ჯერ ნახევარი ჭიქის მოცულობით მიირთმევენ.

ასკილის ყვავილის ფურცლებს ღეჭავენ ან მურაბის სახით მიირთმევენ გულის კუნთის გასამაგრებლად, აგრეთვე არითმიების დროს. ანემიის, ორგანიზმის დასუსტების, განლევის შემთხვევაში, აგრეთვე პოსტოპერაციულ პერიოდში რეკომენდებულია ასკილის ახალდაკრეფილი (არაგამომშრალი) ნაყოფის დიდი რაოდენობით მიღება ან ნაყენის დღეში 2-3-ჯერ მიღება მეოთხედი ან ნახევარი ჭიქის მოცულობით.
