“საქართველოში ამ ეტაპზე გავრცელებულია ზომიერი, ჩვეულებრივი გრიპის ვირუსი და არაფერი განსაკუთრებული არ ხდება,” – ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი მარიან ივანუშა აცხადებს.
მისივე თქმით, საქართველოში გავრცელებულია A ტიპის ვირუსი, მაგრამ მას ამ ეტაპზე ვეღარ ვუწოდებთ პანდემიურ ვირუსს. როგორც მარიან ივანუშამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი – „ტამიფლუ“, რომელსაც ამ ეტაპზე ბაზარზე ანალოგი არ აქვს, მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევისას უნდა მივიღოთ.
„პაციენტების უმრავლესობას არ სჭირდება „ტამიფლუ“. სწორედ ამიტომ, რადგან ყველა ადამიანს არ სჭირდება „ტამიფლუ“, ზოგ ქვეყანაში ექიმები არ ნიშნავენ მას. მაგრამ რა თქმა უნდა, თუ არის რაიმე განსაკუთრებული მდგომარეობა, გართულება, პაციენტმა უნდა მიიღოს „ტამიფლუ“. „ტამიფლუ“ არის ანტივირუსული პრეპარატი, ანტიბიოტიკის მსგავსია, ოღონდ ის მუშაობს გრიპის ვირუსის წინააღმდეგ, ამიტომ მინდა ძალიან მკაცრად გავაფრთხილო ადამიანები, წამლები არ არის კანფეტი, არ შეიძლება როგორც ტკბილეული, ისე მიიღოს ადამიანმა თავისი გადაწყვეტილებით. თუკი ჩვეულებრივ რესპირატორულ სიმპტომებს დაინახავთ, ნუ გაიქცევით აფთიაქში, ნუ შეიძენთ და მიიღებთ „ტამიფლუს“. ეს არის სერიოზული პრეპარატი, რომელიც კონკრეტული გართულების შემთხვევაში ექიმის დანიშნულებით უნდა მივიღოთ. „ტამიფლუს“ შემცვლელი არ არსებობს. ის ამგვარი მოქმედების ერთადერთი პრეპარატია ბაზარზე ამ ეტაპზე,“ – განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა მარიან ივანუშამ.
მისივე ინფორმაციით, საქართველოში გავრცელებული A ტიპის ვირუსს პანდემიის სახე არ აქვს.
“გრიპის გამომწვევი ძირითადად გახლავთ ვირუსი, ამიტომ ადამიანებს არ სჭირდებათ ანტიბიოტიკების მიღება. თუ არ არის რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა, ადამიანს შეუძლია მიიღოს თბილი სითხეები და დარჩეს სახლში. თუ ტემპერატურა მაინც აიწევს, მიიღოს აბები სიცხის დასაწევად. განსაკუთრებული რისკის ჯგუფს წარმოადგენენ: ხანდაზმული ადამიანები 65 წელს ზევით, ბავშვები და ორსული ქალები, ასევე ქრონიკული დაავადებების მატარებელი პირები, მათ სჭირდება სპეციფიური მკურნალობა.
ჩვენ განვასხვავებთ ოთხ სხვადასხვა ვირუსს, რომელიც იწვევს ამ დაავადებას – A,B, C,D ტიპის ვირუსებს. ადამიანისთვის სახიფათო გახლავთ მხოლოდ A და B ტიპის ვირუსები. რაც შეეხება პანდემიას, მას მხოლოდ A ტიპის ვირუსები იწვევს. საქართველოში გავრცელებულია A ტიპის ვირუსი, მაგრამ ჩვენ მას ამ ეტაპზე ვეღარ ვუწოდებთ პანდემიურ ვირუსს. პანდემიური ის იყო 10 წლის წინ, როცა ის მსოფლიოში გამოჩნდა. დღეისთვის ჩვეულებრივი ვირუსის ცირკულაციაა და გავრცელებულია ჩრდილო ამერიკაში, კანადაში, ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე და აღმოსავლეთ აზიაში,“ – განაცხადა მარიან ივანუშამ.
მისივე განცხადებით, ვირუსებისგან თავის დასაცავად ვაქცინაცია აუცილებელია.
„ ვაქცინაციისთვის საუკეთესო პერიოდი არის გვიანი შემოდგომა – ოქტომბერ-ნოემბერი. საქართველოში არსებული ვაქცინა არის ძალიან კარგი ხარისხის და სრულად ფარავს ყველა ვირუსს. ვაქცინაცია რამდენადმე დაგვიანებულია, რადგან ამოქმედებისთვის მას 2 კვირა მაინც სჭირდება, თუმცა, არის საშუალება ადამიანებმა ვაქცინაცია ჩაიტარონ. საქართველოში ზომიერი, ჩვეულებრივი გრიპის სეზონია, როგორიც არის უკრაინაში და რეგიონის სხვა ქვეყნებში. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება,“ – განაცხადა ივანუშამ.
მისივე ინფორმაციით, ყოველწილიურად ევროპის რეგიონში 70 ათასი ადამიანი იღუპება გრიპის ვირუსით.
„ძალიან ვწუხვართ თითოეული ადამიანის გარდაცვალების გამო, მაგრამ საქართველოში არ არის გარდაცვლილთა გადაჭარბებული რაოდენობა. ეს არის მოსალოდნელი, ჩვეული რაოდენობა გრიპის სეზონზე. შეიძლება ითქვას, რომ ანალოგიური მდგომარეობაა მეზობელ ქვეყნებშიც,“ – აღნიშნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა.