Reuters-ის ცნობით, ეთიოპიის სამხრეთ ნაწილში სატვირთო ავტომობილი მდინარეში გადავარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 71 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა სიდამას შტატში, ბონას რაიონში მოხდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ხუთი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება. როგორც Reuters-ს სიდამას რეგიონული მთავრობის პრესსპიკერმა, ვოსენილე სიმონმა განუცხადა, ავტომობილი ხიდს ასცდა და მდინარეში გადავარდა.
მისივე თქმით, მგზავრების ნაწილი საქორწილო ცერემონიიდან ბრუნდებოდა და ზოგიერთმა ოჯახმა რამდენიმე წევრი დაკარგა. რეგიონის საგზაო პოლიციის განცხადებით, სატვირთო მანქანა გადატვირთული იყო, რაც, სავარაუდოდ, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გახდა.