LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიგის თეატრი „ხანუმას“ 20 და 21 ოქტომბერს გრიბოედოვის თეატრში წარადგენს

56

20 და 21 ოქტომბერს, გრიბოედოვის თეატრი, ფესტივალ „საჩუქრის“ ფარგლებში, რიგის მიხეილ ჩეხოვის სახელობის თეატრს უმასპინძლებს, რომელიც ავქსენტი ცაგარელის „ხანუმას“ წარმოადგენს. ქართველი მაყურებლისთვის ეს სპექტაკლი გამორჩეულად საინტერესო იქნება. ასე ფიქრობს თავად სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი, ალა სიგალოვა, რომელმაც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ხუმრობით ისიც თქვა, ყველანაირ კრიტიკას მივიღებთ ქართველებისგან, თუმცა იმედია, ხელით არ შეგვეხებიანო.
პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდნენ სცენოგრაფიისა და კოსტიუმების ავტორი გოგი ალექსი-მესხიშვილი და კომპოზიტორი გია ყანჩელი.

გია ყანჩელი:

„ამ სპექტაკლს თავისი ისტორია აქვს. პირველად რობერტ სტურუამ დადგა, შემდეგ ვირუსივით მოედა სხვა ქვეყნების თეატრებს და ყველგან იდგმებოდა. მიხარია, რომ ხვალ და ზეგ რიგის თეატრის „ხანუმას“ თბილისში აჩვენებენ. ტრიო, რომელიც სპექტაკლში მღერის, 23 ოქტომბერს, ჩემი იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რუსთაველის თეატრში, ნატო მეტონიძესთან ერთადაც იმღერებს“.

გოგი ალექსი-მესხიშვილი:

„ალა სიგალოვასა და მის მეუღლეს კარგად ვიცნობ, ჩვენ ვმეგობრობთ. აღსანიშნავია, რომ ალას ბებია ქართველი იყო, თუმცა რეჟისორი აქამდე თბილისში არ გახლდათ ნამყოფი. ერთად სპექტაკლზე საკმაო ხანს, ორი თვე ვიმუშავეთ, გვინდოდა, ის მხიარული და ფერადი ყოფილიყო და ასეთიც არის, თუმცა ტრადიციულ „ხანუმას“ არაფრით ჰგავს“.

პრესკონფერენციაზე რეჟისორმა განსაკუთრებული მადლობა გოგი მესხიშვილსა და გია ყანჩელს გადაუხადა და აღნიშნა, რომ კარგი საქმეები საუკეთესო კამპანიაში კეთდება და მათი გუნდი სწორედ ასეთი აღმოჩნდა.
რაც შეეხება შედეგს, მას ქართველი მაყურებელი 20-21 ოქტომბერს თავად შეაფასებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები