იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციისა (DMO Imereti) და იმერული ღვინის ასოციაციის ორგანიზებით, 2025 წლის 10-12 ოქტომბერს, უკვე მესამედ, იმერული ღვინის კონკურსი – Imeretian wine Challenge 2025 ჩატარდება.
კონკურსის მიზანია საქართველოში ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა – იმერული ყურძნის ჯიშების, იმერული ღვინისა და ზოგადად იმერეთის, როგორც მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონის ცნობადობის ამაღლება.
საკონკურსო ნიმუშებს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისაგან შემდგარი ჟიური შეაფასებს. ღვინის გასინჯვისას დაცული იქნება კომპანიის ანონიმურობა.
ჟიურის წევრებს შორის არიან: ტომას ბრენდლი (გერმანია), დავიდე ბარტონე (იტალია), მეთიუ ჰორკეი (ამერიკა), ირინა დიანჩენკოვა (უკრაინა), ჩან ჯუნ პარკ (კორეა), პასი კეტოლაინენი (ფინეთი), ვლადიმერ კუბლაშვილი, თინათინ ჯაჯანიძე, თამარ იმედაძე.
კონკურსზე წარდგენილი უნდა იყოს 100%-ით იმერული ყურძნის ჯიშისგან ან/და ჯიშებისაგან ნებისმიერი ტექნოლოგიით წარმოებული ღვინო ან კანონმდებლობით დასაშვები 15%-მდე სხვა ჯიშის ყურძნის შერევით წარმოებული ღვინო საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან.
კონკურსში მონაწილე შეიძლება იყოს: ღვინის საწარმო, ინდივიდუალური მეღვინე, კოოპერატივი ან მეღვინეთა გაერთიანება.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ნიმუშების წარდგენამდე უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.
ნიმუშები უნდა გაიგზავნოს DMO Imereti-ს ოფისში (მისამართი: ქ.ქუთაისი, რუსთაველის გამზირი #9ა) 6 ოქტომბრის ჩათვლით.