LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარებისთვის ახალი პროექტი იწყება

104

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში, განსაკუთრებით კი მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარებისა და სერვისის გაუმჯობესების მიზნით ახალ პროექტს „ტურიზმის განვითარების სკოლა“ იწყებს. ტურიზმის დარგის ექსპერტებსა და ჟურნალისტებს პროექტის მიზნები, სამოქმედო გეგმები და ურთიერთანამშრომლობის ფორმები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა კოლეგებთან ერთად დღეს გააცნო.

„ტურიზმის განვითარების სკოლი“-ს ძირითადი პრიორიტეტი მაღალმთიან აჭარაში მომსახურების ხარისხის განვითარება იქნება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აჭარის რეგიონში არსებული ყველა მუნიციპალიტეტის სოფლად არსებული განთავსების, კვების და  სერვისის სხვა მიმწოდებელი ობიექტების საჭიროებების გამოვლენა და იქ არსებული პერსონალის სხვადასხვა მიმართულებით გადამზადება. გარდა ამისა, „ტურიზმის განვითარების სკოლა“-ში იგეგმება მაღალმთიან აჭარაში არსებული და სამომავლოდ დაგეგმილი ტურისტული მარშრუტების მიმართულებით შესაბამისი პროფილის გიდების გადამზადება.

 “ჩვენი მთავარი პრიორიტეტი აჭარა გავხადოთ მთელი წლის განმავლობაში ვიზიტორებისთვის მიმზიდველი ადგილი, რაც შეუძლებელია სოფლის ტურიზმის, ეკოტურიზმის, სამთო-სათხილამურო, გასტრონომიული და ღვინის ტურიზმის გარეშე. მაღალმთიანი აჭარა თავისი ტურისტული პოტენციალითა და პროდუქტებით  ამ მხრივ ეპიცენტრია. ამიტომ „ტურიზმის განვითარების სკოლი“-ს პრიორიტეტი და მთავარი მიზანი რა თქმა უნდა იქნება მაღალმთიან აჭარაში არსებული ტურისტული სერვისების გაუმჯობესება. ჩვენ, საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და სხვა განთავსების ობიექტების წარმომადგენლებისთვის, ასევე კვებისა და ტურისტული ობიექტების წარმომადგენლებისთვის დარგის სპეციალისტებთან ერთად შევიმუშავებთ სპეციალურ სასწავლო პროგრამებს, რომლის ფარგლებშიც ისინი შეისწავლიან თუ რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს მათი ობიექტები, როგორ უნდა შესთავაზონ  სერვისები ტურისტებს, როგორ განავითარონ ბიზნესი რათა უფრო მიმზიდველები გახდნენ მომხმარებლებისთვის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები“,- განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი პროექტის ფარგლებში მჭიდროდ ითანამშრომლებს სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორთან. „ტურიზმის განვითარების სკოლა“-ში აქტიური სასწავლო პროცესების დაწყება მიმდინარე წლის 1 მარტიდან იგეგმება.

პოპულალურები