LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როდესაც მშობელი ამბობს: რა წყნარი შვილი მყავს, თავისთვის ზის, არაფერს არ შვრება, ეს არ არის კარგი“ – თამარ გაგოშიძე

707
page

ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე თავის ლექციაში, რომელსაც ფეისბუქ-გვერდი „განათლება უკეთესი მშობლობისთვის“ ავრცელებს, ვრცლად საუბრობს ბავშვთა განვითარების კრიტიკულ პერიოდებზე:

„რა არის კრიტიკული პერიოდი განვითარებაში? ბევრ მშობელს უთქვამს, რომ ჩვეულებრივი ბავშვი იყო და უცებ გადაირია. როდესაც რომელიღაც პროცესი ვითარდება, შესაბამისად ბავშვს უფრო მეტი რესურსი აქვს, უფრო მეტის გაკეთება შეუძლია. სამი წლის ასაკში სულ ისტერიკებს აწყობს, „მე, მე“ – იძახის. ეს არის ნორმალური განვითარების კრიტიკული პერიოდი. ბავშვმა აღმოაჩინა, რომ თვითონ მოსწონს რაღაც, თვითონ უნდა რაღაც.  ასეთივე კრიტიკული პერიოდია ექვსი წლის ასაკი, როდესაც ბავშვი შედის სკოლაში. ​მან უნდა დატოვოს თამაშის სამყარო და გადავიდეს სწავლის სამყაროში. ეს არ არის ადვილი, იმიტომ, რომ ეს ორი აბსოლუტურად განსხვავებული აქტივობაა.

ერთი წლის ასაკი არის კრიტიკული პერიოდი, როდესაც ბავშვი დგება ფეხზე და უნდა გაიარ-გამოიაროს. თვითონ უნდა მოახდინოს გარემოს გამოძიება. პასიური როდესაც არის ბავშვი და არ იძიებს გარემოს, მშობელი გეუბნება: „უი, რა წყნარი შვილი მყავს, თავისთვის ზის, არაფერს არ შვრება,“ ეს არ არის კარგი. თუ მშობელი ჩივის, რომ ვაიმე, მთელი დღე ამის დევნაში ვარ, ხან პირში ჩაიდებს რაღაცას, ხან რაღაცას ჩამოიღებს,​ ეს არის კარგი ბავშვისთვის, თქვენთვის – არა. ბავშვისთვის ეს არის სასარგებლო. სხვანაირად მისი ინტელექტი არ განვითარდება. ბავშვის ინტელექტის განვითარება და აზროვნების განვითარება იწყება ქვედა საფეხურიდან. ერთ წლამდე თუ ბავშვს არ აქვს მოწესრიგებული მოძრაობა და შეგრძნებები, დააგვიანა. ექვსი თვის უნდა იჯდეს, რვა თვის უნდა დგებოდეს საყრდენით, თერთმეტი თვის ასაკში დამოუკიდებლად უნდა იდგეს, წლის და ორი თვის ასაკამდე უნდა გაიაროს დამოუკიდებლად. ეს არის ნორმალური განვითარება“- ამბობს თამარ გაგოშიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g