LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როდესაც რომეო მიქაუტაძე ჩათვლის, რომ აქვს სურვილი და მსგავსი ნაბიჯები გადაიდგმება ბრალდების მხარის მიერ, მაშინ გაფორმდება საპროცესო შეთანხმება“ – რას აცხადებენ რომეო მიქაუტაძის საქმეზე დაცვისა და ბრალდების მხარეები

129
რომეო მიქაუტაძე, მალხაზ სალაყაია, ირაკლი მარშანია

„საპროცესო შეთანხმების პროცესის დასაწყებად გარკვეული წინაპირობები უნდა არსებობდეს, უნდა აღიაროს დანაშაული და ზიანი აანაზღაუროს – ამ ეტაპზე, არცერთი ეს წინაპირობა არ არის“,– ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის საქმის პროკურორმა ირაკლი მარშანიამ განაცხადა.

როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მარშანიამ განმარტა, ბრალდების მხარეს სასამართლო პროცესზე კიდევ 42 მოწმე ჰყავს გამოსაკითხი.

„ბრალდების მხარე აქტიურად აგრძელებს მტკიცებულებათა წარმოდგენას. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებამ დაასრულა წერილობითი მტკიცებულებათა გამოკვლევა და მშვიდ გარემოში ჩაიარა პროცესმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სრულყოფილად ჩაატარეს მოცემულ საქმეზე გამოძიება. შემდეგ პროცესზე, ბრალდების მხარე სხვა მოწმეებს წარადგენს. დღეის მდგომარეობით, დაკითხულია 72 და დარჩენილია 42 მოწმე. რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებას, ეს პროცესი რომ დაიწყოს, ამის წინაპირობა უნდა არსებობდეს, კერძოდ: ბრალდებულმა უნდა აღიაროს დანაშაული, ზიანი აანაზღაუროს და შესაბამისი განცხადებით მოგვმართოს. ამ ეტაპზე, არცერთი ეს წინაპირობა არ არის“, – განაცხადა ირაკლი მარშანიამ.

სასამართლო პროცესის შემდეგ კომენტარი გააკეთა მიქაუტაძის ადვოკატმა, მალხაზ სალაყაიამაც.

ადვოკატის განცხადებით, როდესაც რომეო მიქაუტაძე ჩათვლის, რომ მას აქვს სურვილი საპროცესო შეთანხმების და ამის მზაობა ბრალდების მხარესაც ექნება, მაშინ გაფორმდება საპროცესო შეთანხმება.

„როდესაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი [რომეო მიქაუტაძე] ჩათვლის, რომ მას აქვს სურვილი და მსგავსი ნაბიჯები გადაიდგმება ბრალდების მხარის მიერ, მაშინ გაფორმდება საპროცესო შეთანხმება. მისი პოზიცია პირველივე დღიდან არის მყარი. ბრალდება და საქმის მასალები ჩვენთვის ცნობილია, შესაბამისად ყველა კითხვას ადეკვატური პასუხი გაეცემა. რაც შეეხება მოწმეს, მოწმე გახლდათ ექსპერტი, რომელმაც გარკვეული საგნები და ნივთები შეისწავლა და მას შეფასება მისცა. დასკვნა გადმოცემული გვაქვს და ცნობილია რომეო მიქაუტაძისთვის და ამიტომ ჩავთვალეთ ეს მტკიცებულება უდავოდ“, – განაცხადა მალხაზ სალაყაიამ.

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე ბრალდების მხარეს 1 მოწმე ჰყავდა მოყვანილი, რომლის ჩვენებაც დაცვის მხარემ უდავოდ ცნო, რის შემდეგაც პროცესზე წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყეს. სამართალდამცველებმა მიქაუტაძე 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ფოტო სლაიდზე: „ინტერპრესნიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g