8-9 ივნისს, უკრაინაში ფესტივალი „ტრაიბეკა“ გაიმართება, რომელზეც ლეგენდარული მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი, რობერტ დე ნირო ოფიციალურად მიიწვიეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა „ინსტაგარმის“ საშუალებით განაცხადა. მას დე ნიროსთან პირდაპირი ჩართვა ჰქონდა, სადაც მსახიობს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უკრაინა მხოლოდ თავისთვის არ იბრძვის, ეს მთელი მსოფლიოს ომია.
„როდესაც თქვენნაირი ადამიანები გვიჭერენ მხარს, ეს ჩვენ დიდ ძალას და ენერგიას გვაძლევს“, – უთხრა ერმაკმა დე ნიროს.
შეგახსენებთ, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე, ლეგენდარულმა მსახიობმა უკრაინას მხარი ღიად დაუჭირა.
„რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად მოქმედებაა საჭირო, ასეთი აგრესიის შესაჩერებლად რაღაც უნდა გავაკეთოთ. საშინელებაა, რომ არსებობს ბირთვული იარაღი, რომლითაც ადამიანებს ემუქრებიან. თუ თქვენ გამოიყენებთ მას, გარშემო აღარავინ იქნება. მე ვერ წარმომიდგენია, რომ სამყარო ამ მდგომარეობაში იყოს, რაღაც უნდა გავაკეთოთ, ალბათ უფრო მკაცრი პოზიციაა საჭირო, წარმოუდგენელია, რომ ჩვენი სამყარო შეიძლება ასეთად იქცეს“, – აცხადებს დე ნირო.