LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის აიკრძალება მარჯვენასაჭიანი ავტომობილები საქართველოში?

392

აიკრძალება თუ არა მომავალ წელს მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტი საქართველოში და რა შეზღუდვები დაწესდება ამასთან დაკავშირებით, მედიაში არაოფიციალური ცნობები ვრცელდება.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, მედიასაშუალებები კულუარულ ინფორმაციას ავრცელებენ იმის შესახებ, რომ შესაძლოა, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოყვანა ქვეყანაში 1 იანვრიდან ან 1 მარტიდან აიკრძალოს.

”ფორტუნამ” ამ ინფორმაციის გადამოწმება კანონპროექტის ავტორებთან სცადა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, კანონპროექტი პარლამენტში უკვე დიდი ხანია შესულია, თუმცა მისი განხილვა არ მომხდარა.

”ჩვენი კანონპროექტია, ოღონდ უკვე პარლამენტშია შეტანილი. ახალი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ არის. პარლამენტმა შეიძლება საერთოდ არ დაამტკიცოს, ან შეცვლილი სახით მიიღოს. ამაზე ახალი მოწვევის პარლამენტი იმსჯელებს. 2016 წლის პირველ მარტს იგეგმებოდა ამოქმედება”, – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ”ფორტუნასთან”.

როდის შეიკრიბება და დამტკიცდება ახალი მოწვევის პარლამენტი ჯერჯერობით უცნობია, შესაბამისად, შეუძლებელია იმის განსაზღვრა, მიიღებენ თუ არა ახალ პარლამენტში აღნიშნულ კანონს იმ დროის ფარგლებში, რომ მისი ამოქმედება 1 იანვრიდან ან 1 მარტიდან შესაძლებელი გახდეს.

აღნიშნულ საკითხზე ”ფორტუნას” დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძეც ესაუბრა.

”კანონპროექტი ჯერჯერობით დამტკიცებული არ არის. არც განგვიხილავს. მომავალი მოწვევის პარლამენტი განიხილავს თუ არა ამას, ან როდის მოხდება მისი განხილვა, ამის თქმა ამ ეტაპზე შეუძლებელია”, – განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ ”ფორტუნასთან”.

მარჯვენასაჭიანი მანქანების აკრძალვაზე საუბარი საქართველოში 2015 წლის ბოლოს დაიწყო, როდესაც პარლამენტში ახალი კანონპროექტი შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვის სავარაუდო თარიღად 2016 წლის 1 იანვარს ასახელებდა.

ბიზნესომბუდსმენის გიორგი გახარიას ბიზნესმენებთან და მთავრობასთან ერთობლივი მუშაობის შედეგად, 2016 წელს გადაწყდა, რომ მისი ამოქმედება ერთი წლით გადაიდებოდა.

 

 

magti 5g