“პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის” დირექტორი და რეანიმატოლოგი ლევან რატიანი ამბობს, რომ ვაქცინირებულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება, რაც პანდემიის დამარცხებისთვის აუცილებელი პირობაა. ამის შესახებ რატიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისივე თქმით, მალე დადგება მომენტი, როდესაც სიკვდილიანობის ნიშნული საქართველოში მკვეთრად დაიკლებს.
„ვაქცინაციის სწრაფი ტემპიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანაში დადგება თარიღი, როდესაც მოსახლეობის დაახლოებით 70%-ს, როგორც ამას ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, ჩამოუყალიბდება იმუნიტეტი და კოვიდ დაავადება უკან დაიხევს“, – აღნიშნა რატიანმა.
ცნობისთვის, როგორც რატიანმა დღეს განაცხადა, იმის თქმა, რომ კოვიდ-19-ის მძიმე პაციენტები მასიურად იღუპებიან, არის მცდარი, რადგან კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების გადარჩენის უამრავი მაგალითი არსებობს.