LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის დასრულდება საცობები თბილისი-რუსთავის გზაზე?

43

თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის მეორე მონაკვეთის 6.8 კმ-იანი გზის მშენებლობამ ძლიერი საცობები შექმნა, როგორც რუსთავში, ასევე დედაქალაქში.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, ეს კრიტიკული ფაზა ნახევარი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

ფონდის დირექტორის პირველმა მოადგილემ, ჯუანშერ ბურჭულაძემ, “ფორტუნასთან” განმარტა, რომ ამ პერიოდის შემდეგ, გადაადგილების პრობლემა სრულად აღმოიფხვრება.

შექმნილი საცობების გამო, კომპანია მოსახლეობას ბოდიშს უხდის. ისინი განმარტავენ, რომ ისტორიული პროექტი ხორციელდება და იმედი აქვთ, მოსახლეობა ამ პერიოდს გაგებით შეხვდება.

“აღნიშნული გზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია შესული. სამშენებლო სამუშაოების შეუფერხებელად წარმართვისთვის დროებითი გზები მოწყო და მოძრაობა მასზე გადაერთო. ეს კრიტიკული ფაზა 6 თვეში დასრულდება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მოსახლეობა გაგებით მოეკიდება ამ საკითხს. ისტორიული პროექტი ხორციელდება და მაქსიმუმ 6 თვეში გადაადგილების პრობლემები სრულად აღმოიფხვრება. მანამდე ეტაპობრივად გადავალთ სხვადასხვა ფაზაზე და ნელნელა პრობლემა მოგვარდება”, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ “ფორტუნასთან”.

მისივე თქმით, ექვსი თვის შემდეგ მტკვრის განაპირა მონაკვეთის მშენებლობა დაიწყება, რაც გზაზე შეფერხებებს აღარ გამოიწვევს.

აღნიშნული გზის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო და მისი  ხანგრძლივობა 2 წელია.  სამშენებლო სამუშაოების საკონტრაქტო ღირებულება კი 119 მილიონამდე ლარს შეადგენს.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები