აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარალელურად, მიმდინარეობს კომუნიკაცია აზერბაიჯანულ მხარესთან.
„როგორც კი დადგინდება ფაქტობრივი გარემოებები, საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია,“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ჟურნალისტის ცოლი კი ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თანამშრომლობის გარეშე აფგან მუხთარლის აზერბაიჯანში ვერ გადაიყვანდნენ. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ლეილა მუსტაფაევა ამბობს, რომ მეუღლის პასპორტი თბილისში, სახლში აქვს.
„მივმართავ ქართველ სამართალდამცველებს კითხვით: „როგორ შეიძლება ადამიანმა სახელმწიფო საზღვარი პასპორტის გარეშე გადაკვეთოს?“, – განაცხადა მუხთარლის მეუღლემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ქართველი სამართალდამცველები არ აწვდიან მას ვიდეოჩანაწერს იმ ადგილიდან, სადაც აფგან მუხთარლი დააკავეს და არც მისი აყვანის ადგილს ასახელებენ.
აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი თბილისში გუშინ გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. როგორც თავად აცხადებს, ის საცხოვრებელ სახლთან უცნობმა პირებმა დააკავეს, სცემეს და ბაქოში წაიყვანეს. მისივე მტკიცებით, პირებმა, რომლებიც სავარაუდოდ სპეცსამსახურების წარმომადგენლები იყვნენ, თანხაც ჩაუდეს.
