LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დაუწერა ახალი ჰიტი რუსა მორჩილაძემ „ურსას“, რომელმაც ინტერნეტსივრცე უკვე დაიპყრო – „ღამის სამ საათზე შემომივიდა მისი ზარი, სიგიჟე დაგიწერეთო…“

1018
გიორგი ძოწენიძე

ანსამბლი „ურსა“ 10 მაისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში საკუთარ მრავალრიცხოვან მსმენელს ელოდება. შეიძლება ითქვას, რომ „ურსას“ ახლა ვარსკვლავური პერიოდი აქვს, რადგან მათი სიმღერები უფრო და უფრო დიდ პოპულარობას იხვეჭს. ახლახან ანსამბლის რეპერტუარში გაჩნდა კიდევ ერთი ჰიტი „ერთი გოგო შემიყვარდა“, რომელიც „იმედში“ ტელეპრემიერისთანავე აიტაცა მსმენელმა და უკვე ათ დღეში 300 000-ზე მეტი ნახვა დაუგროვდა.

fortuna.ge-მ სიმღერასთან დაკავშირებით საინტერესო ამბები გაარკვია. როგორც შევიტყვეთ, კომპოზიციის ავტორი ცნობილი ქართველი კომპოზიტორი, რუსა მორჩილაძეა. გიორგი ექსკლუზიურად უყვება fortuna.ge-ს, როგორ შეიქმნა სიმღერა.

„დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა, რომ რუსა მორჩილაძეს ჩვენთვის სიმღერა დაეწერა, მაგრამ ზაფხულში, სადღაც ვისვენებდი და უცებ თავში დამარტყა და რეალური ამბიცია გამიჩნდა ამისი (იღიმის). ჩემს დეიდაშვილს, რეზის გამოვართვი ნომერი, რომელმაც მანამდე დაურეკა რუსას და უთხრა, რომ მე ვაპირებდი მასთან დაკავშირებას. დავურეკე რუსას, გავცვალეთ სიყვარული და პატივისცემა. რა თქმა უნდა, ვაქეთ ერთმანეთი. რუსა მორჩილაძე მართლა ლეგენდაა. სიტყვები არ მენანება, განსაკუთრებით, მის მიმართ. რეალურად დიდი პატივისცემა და სიყვარული მაქვს… თავადაც მითხრა, რომ ძალიან უხარია, რომ ამდენი კარგი სიმღერა გვაქვს. გამოვთქვი აზრი, რომ კარგი იქნებოდა, რომ მისი სიმღერა გვემღერა მომავალში. არც გამიბედავს მისთვის მეთქვა, სიმღერა დაგვიწერეთ-მეთქი. გადის თვენახევარი… ღამეა, სამი საათი და შემომდის ზარი, ტელეფონზე აწერია რუსა მორჩილაძე (იცინის). ვიფიქრე, რა ვქნა-მეთქი… ეგრევე ვუპასუხე. გიორგი, გამარჯობა, რუსა ვარ… ასე მომესალმა. უცებ მეუბნება, სიგიჟე დავწერე თქვენთვის – ისეთი ხმით მითხრა, რომ მივხვდი, იმ წამს ჰქონდა ამ სიმღერის წერა დასრულებული. ზუსტად ვიცოდი, რომ ასეთ მაგარ რაღაცას მეტყოდა, რადგან ასე გვიან სხვა მიზეზით არ დამირეკავდა. ხვალვე მოდი დილასო. მეორე დღეს რომ დავურეკე, რა თქმა უნდა, ეძინა… (იცინის). დამირეკა სამზე… არ ვიცოდი, რომ ასე მოსდიოდა მუზები… (იღიმის). არსებობს კადრები, როგორ მივედი რეპეტიციაზე პირველად რუსასთან…

სიმღერის პირველი რეპეტიციის კადრები.

რომ მივედი, ფეხი ჰქონდა მოტეხილი, თაბაშირში ჰქონდა ფეხი. ნელ-ნელა მივიდა ფორტეპიანოსთან. რომ დაჯდა და დაუკრა… საოცრება იყო…

სიმღერა გამოსვლისთანავე გახდა ჰიტი…

სამ დღეში მოიპოვა დიდი პოპულარობა. ტრენდულ ვიდეოებს შორის აღმოჩნდა პირველ ადგილზე, ოღონდ მხოლოდ მუსიკალურ ვიდეოებს შორის არა, ზოგადად, ჩვენს რეგიონში რასაც უყურებენ, მათ შორის… ეს ძალიან დიდ წარმატებას ნიშნავს კონკრეტულ პლატფორმაზე, „იუთუბს“ ვგულისხმობ.

გიორგი, ასეთ პოპულარობას როგორ ინარჩუნებთ?

ძალიან დიდ დროსთან არის ეს დაკავშირებული – ჩვენ 15 წლის განმავლობაში მინიმუმ, 4-ჯერ გავხდით პოპულარულები და ისევ უცნობები…

ჩვენს საქმეს თან სდევს წარმატების შემთხვევაში პოპულარობა. წარმატების ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმულა კი არის დაუღალავი, უწყვეტი, თავჩახრილი შრომა. რაც უფრო წარმატებული გახდები, მით მეტი უნდა იშრომო, რადგან უფრო მეტს მოელის მსმენელი შენგან… მაქსიმალურად მზად უნდა დახვდე ყველა შანსს, რომელსაც ცხოვრება გიგზავნის. და ეს მზაობა სწორედ შრომით მოდის…

magti 5g