“რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაზე საუბრის გარეშე, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ის ქვეყნები, რომლებიც შეეცდებიან, გვერდი აუარონ აშშ-სა და პარტნიორების მიერ დაწესებულ სანქციებს, ან ის ქვეყნები, რომლებიც რამე გზით ეცდებიან, მხარი დაუჭირონ კრემლის საომარ ძალისხმევას ფინანსურად ან იარაღის მიწოდებით, მოიმკიან შესაბამის შედეგს“, — ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა გააკეთა პასუხად „მთავარი არხის“ ჟურნალისტის კითხვის, რომელიც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას შეეხებოდა.
ნედ პრაისის თქმით, მათ საქართველოს ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირი აქვთ და ამასთან არ იმყოფება პოზიციაში, განმარტება გააკეთოს შეკითხვაში ნახსენებ ბრალდებებზე.
„ქართველ ხალხს კარგად ახსოვს, თუ რას ნიშნავს რუსეთის აგრესია და რუსეთის მცდელობები, მიიტაცოს სუვერენული ტერიტორიები.
ჩვენ ვნახეთ, რომ ქართველი ხალხი, საქართველოს მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას, მათ შორის, მნიშვნელოვანი კენჭისყრების დროს გაეროში იმის საწინააღმდეგოდ, რასაც კრემლი უკრაინაში ახორციელებს.
ჩვენ მჭიდრო კონტაქტი გვაქვს საქართველოში ჩვენს კოლეგებთან მიმდინარე სიტუაციასთან დაკავშირებით და გავაგრძელებთ მათთან მჭიდრო კონტაქტზე ყოფნას”, – აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთი ქვეყანაში სანქცირებული პროდუქტის შეტანას საქართველოს გავლით, კონტრაბანდის სახით გეგმავს, საქართველოს “პოლიტიკური ხელმძღვანელობა” კი კონტრაბანდისტების საქმიანობას ხელს აფარებს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უარყოფს უკრაინის ხელისუფლების განცხადებებს.
ამავე თემაზე:
კონტრაბანდული იარაღის გატარებაზე ინფორმაცია მტკნარი სიცრუეა: კახა კალაძე