როგორ გადავიდეთ დასვენებიდან სამუშაო რეჟიმში სტრესის გარეშე – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა ნინო ეფხოშვილმა ისაუბრა.
რა ხდება ჩვენს გონებასა და სხეულში ამ პერიოდში?
ზაფხული ყველასთვის ერთნაირი არ არის – ვიღაცამ დაისვენა და იმოგზაურა, ვიღაცამ იმუშავა მთელი სეზონი, მაგრამ ერთია – ჩვენი ფსიქიკა ზაფხულს უკავშირებს სიმსუბუქეს, სივრცეს, თავისუფლებას.
ამიტომ, როცა მოდის „რეალობაში დაბრუნების“ დრო, ხშირად გვიტევს უხილავი შფოთვა, დაღლილობის განცდა და პროტესტი იმ რუტინის მიმართ, რომელიც გველოდება.
ზაფხულში ხშირად ირღვევა ძილის რეჟიმი, ნაკლებად ვიყენებთ სტრუქტურას, მეტ დროს ვატარებთ გარეთ ან უბრალოდ – „უფუნქციოდ“.
ამ დროს ტვინი გადადის უფრო მოდუნებულ რეჟიმში.
როდესაც უცბად გვიწევს დაბრუნება კალენდართან, შეხვედრებზე, „დედლაინებსა“ და გრაფიკებთან – ტვინი ვეღარ ასწრებს ადაპტაციას, და ეს ქმნის შინაგან დაძაბულობას.
როგორ შეიძლება, რომ ეს გადასვლა იყოს მაქსიმალურად რბილი?
1. ნუ აიძულებ საკუთარ თავს მყისიერად დაბრუნებას
სჯობს შექმნა 3-5 დღიანი გარდამავალი გეგმა, სადაც ყოველდღე გააკეთებ რაღაც მარტივს: პირობითად, ერთ დღეს ოთახის დალაგება, მეორე დღეს – საკვების დაგეგმვა, მესამე დღეს – იმეილებზე პასუხი. ასე შენი სხეულიც და გონებაც თანდათან ადაპტირდება ახალ რიტმთან.
2. დაიწყე შენით და არა ვალდებულებებით
პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ის, რაც შენ გინდა და არა ის, რასაც გარემო გავალდებულებს. ეს შეიძლება იყოს – დილის სეირნობა, საყვარელი ფინჯანი ყავა ან მუსიკა, რომელიც მოტივაციას და განწყობას გიუმჯობესებს.
შენ ქმნი შენი დღის პირველ წამს – ეს წამი განაპირობებს დარჩენილ საათებსაც.
3. წამოიღე ზაფხულიდან საუკეთესო
გააკეთე პატარა რეფლექსია – რას გასწავლა ამ ზაფხულმა? რა ემოციები მოგიტანა ან რა გაგახსენდა საკუთარ თავზე?
შეგიძლია სიმბოლურად შეინახო ერთი ნივთი, ფოტო ან ფრაზა, რომელიც შეგახსენებს ზაფხულის სითბოს მთელი წლის მანძილზე. ის შეგახსენებს, რომ სიმსუბუქე მხოლოდ სეზონში კი არა, შენშია.
4. გაანეიტრალე „შეფასებები“ საკუთარი თავის მიმართ
ძალიან გავრცელებულია ასეთი ფრაზები – „არაფერი გამიკეთებია ზაფხულში“, „არ ვარ მზად სამუშაოსთვის“, „ვერ ვფოკუსირდები საქმეზე“ – ამ ფრაზებზე პასუხი ერთია – შენ არ ხარ მანქანა, შენ ხარ ადამიანი, რომელსაც აქვს ციკლები, რუტინები, შესვენებები და დაბრუნებები. ნორმალურია რომ ახლა შენი ტემპი შუა სამუშაო წლის ტემპს არ ჰგავს.
5. დაასრულე ერთით – დაიწყე ერთით
როდესაც ერთი რეჟიმიდან მეორეში გადავდივართ, მნიშვნელოვანია დაასრულო რაღაც სიმბოლურად – შეიძლება სამადლობელი წერილი მივწეროთ ზაფხულს, დავასუფთავოთ ზაფხულის ჩანთა ან მოვუსმინოთ ზაფხულის სიმღერას და ამის შემდეგ დავიწყოთ ახალი, მხოლოდ ერთით დავიწყოთ – ერთი საქმე, ერთი მიზანი, ერთი მეგობარი, ვისაც დაურეკავ სამუშაო დაწყების წინ.
სამუშაო რეჟიმში დაბრუნება არ უნდა ჰგავდეს სიმსუბუქის და თავისუფლების დაკარგვის აქტს.
ის შეიძლება იყოს ახალი ეტაპის დასაწყისი – იმ გამოცდილებით, რომელიც ზაფხულმა მოგცა.
შენი სხეული, გონება და ემოციები იმსახურებენ რბილ გადასვლას.
არც დასვენების არ უნდა მოგვერიდოს და არც დაბრუნება გვეტკინოს – შენ შეგიძლია დაუბრუნდე შენს ყოველდღიურობას ისე, რომ არ დაკარგო ზაფხულის ხასიათი – ის შენშია – როგორც შუქი, რომელიც შეგიძლია თან ატარო მთელი წელი.