LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გავარკვიოთ ქუჩის ძაღლს როდის გაუკეთდა აცრა ცოფზე და როგორ ამოვიცნოთ უსიმპტომო ვირუსი ცხოველში

2770
FORTUNA.GE (16)

თუ ქუჩის ძაღლს ყურზე ნიშანი უკეთია, რომ ის აცრილია, სულაც არ ნიშნავს, რომ უსაფრთხოა. აცრა ცხოველებში ყოველ 11 თვეში ერთხელ კეთდება, ქუჩაში მცხოვრები ძაღლების შემთხვევაში კი შესაძლებელია დაგვიანებული იყოს. მიუსაფარი ცხოველების კონტროლს მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახური აწარმოებს. შესაბამისად, ქუჩაში მცხოვრები ძაღლების აცრას ცოფზე და სხვა დაავადებებზე იგივე სამსახური ახორციელებს. როგორ გავარკვიოთ ცხოველი როდის აიცრა და რას ნიშნავს ცოფის ვირუსი?!

თბილისში ბოლო ერთი თვის განმავლობაში ცოფის 2 შემთხვევა დაფიქსირდა, სოფელ დიღომსა და ვაზისუბანის დასახლებაში. ორივე შემთხვევაში ვირუსი ქუჩაში მცხოვრებ ცხოველს დაუდასტურდა. ინფორმაციას მერიის მონიტორინგის სამსახურში ადასტურებენ. ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი ძაღლების ბუნებრივი ლეტალობის შემდეგ, ცოფის ვირუსის გამოსავლენად, ცხოველების პათოლოგიური მასალა გადაიგზავნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში, სადაც მასალის კვლევის შედეგად დადასტურდა ცოფის არსებობა.

როგორ ამოვიცნოთ ცხოველებში ცოფი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ვირუსი უსიმპტომოდ ვითარდება? ამაზე “ფორტუნას” ვეტერინარი ლექსო ამირანაშვილი ესაუბრა.

“ცოფის რამდენიმე ფორმა არსებობს, მათ შორის აგრესიული და პასიური. აგრესიული ფორმაა თუ ცხოველი არაადეკვატურად იქცევა, გარბის, ქვას ღრღნის, აგრესიულია ყველას და ყველაფრის მიმართ, იკბინება, უაზრო ქცევებით გამოირჩევა, პირიდან სდის დიდი რაოდენობის ნერწყვი, გაურბის ხალხს, ყმუის, არ ჭამს, არ სვამს წყალს, შეიძლება გადაყლაპოს უჩვეულო ნივთები, აქვს წყლის შიში და ა.შ. ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი ნიშნების გამოვლენის დროს დაუყონებლივ უნდა მიმართოთ შესაბამის სამსახურს, რომ მოხდეს ცხოველის გადაყვანა. მაგრამ თუ ცოფის პასიურ ფორმასთან გვაქვს საქმე, ასეთ დროს ძაღლი იმალება. რთულია ქუჩაში მცხოვრები ცხოველების კონტროლი, თუმცა ამას მერიის ცხოველთა მონიტორინგი ახორციელებს. ჩემთან ხშირია შემთხვევები, როდესაც მიუსაფარი ცხოველი აცრაზე მოჰყავთ. ზოგადად დღეში 10-დან 15-მდე ცხოველის აცრას ვახორციელებ. თუ ძაღლი თავშესაფარში ნამყოფია, მას ყურზე შესაბამისი ნიშანი ექნება, თუმცა როგორც ვიცი, ნიშნები ფერების მიხედვით უნდა განვასხვავოთ”, – აცხადებს ამირანაშვილი.

სპეციალისტების განმარტებით, ცოფით დაავადებულ ძაღლს აქვს გარკვეული ნიშნები, რომელიც ცხოველს ეწყება დაკბენიდან 12–20 დღეში. დაავადების ნიშნების გამოვლენამდე 10 დღით ადრე ნერწყვი საშიშია, ვინაიდან ის უკვე შეიცავს ცოფის ვირუსს. არის ცოფის 3 სტადია.

პირველ სტადიაზე ძაღლი ხდება ან ძალიან ალერსიანი, ან კაპრიზული და არ ემორჩილება პატრონს. გაღიზიანებულია, ნაკბენს ილოკავს, მადა უქვეითდება ან გაუკუღმართებული აქვს, ძლიერდება ნერწყვისდენა, აქვს ღებინება. ასეთი მდგომარეობა გრძელდება 1-4 დღე.

მეორე სტადიაზე კიდევ უფრო გაღიზიანებულია, უსაფუძვლოდ ესხმის თავს სხვა ცხოველებს და ადამიანებს, ცდილობს გაიქცეს, დაიმალოს. შემდეგ იწყება კრუნჩხვითი შეტევები, ტემპერატურა იმატებს, ვითარდება სხვადასხვა კუნთების დამბლა, შეიმჩნევა სიელმე. ქვედა ყბა უვარდებათ და სდით დიდი რაოდენობით ნერწყვი. ასეთი მდგომარეობა გრძელდება 2-3 დღე.

მესამე სტადიაზე მკვეთრად იკლებს წონაში. ხმა ეხლიჩება, ვითარდება კიდურების დამბლა და ძაღლი იღუპება. ეს სტადია გრძელდება 2-4 დღე. დაავადება მთლიანად გრძელდება 6-12 დღე.

 

 

ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ყოველწლიურად მხოლოდ დედაქალაქის მასშტაბით რამდენიმე ათასი ცხოველის აცრა ხორციელდება, მათ შორის მიუსაფარი ძაღლების და კატების. ვახტანგ ლომჯარიას განმარტებით, გასული წლისთვის თბილისში 5 700-მდე ძაღლი აიცრა.

“ყოველწლიურად ათასობით ძაღლის აცრას ვახდენთ. შარშან 5 700-ზე მეტი ცხოველი აიცრა. ჩვენი სამსახური ირჩევს ისეთ ადგილებს, სადაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებია, სადაც ხალხმრავალი ტერიტორიაა, მაგალითად მეტროსადგურებთან ან სკვერებთან ახლოს და ვახდენთ მიუსაფარი ცხოველების აცრას. ბაზაში შეგვყავს ყველა აცრილი ძაღლი და გადამოწმება თუ როდის გაუკეთდა ცხოველს ვირუსზე აცრა, იოლია. ყურზე ყველა ცხოველს უკეთია ჭდე, რომელზეც აწერია კოდი.  ჩვენს ცხელ ხაზზე დარეკავს მოქალაქე და ბაზაში გადავამოწმებთ როდის აიცრა ძაღლი. საქართველოში გასულ თვეში ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. მოსაზრება, რომ “ჩემი ძაღლი ეზოშია, სახლშია, სხვა ცხოველებთან კონტაქტი არ აქვს და ცოფი არ დაემართება” არასწორია. ამიტომ წელიწადში ერთხელ ყველამ უნდა აცრას საკუთარი შინაური ცხოველი. აცრა უფასოა”, – განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ.

მისივე თქმით, უპატრონო ძაღლების აცრას ხშირად ის მოსახლეობა აკონტროლებს, სადაც ცხოველები თავს აფარებენ, თუმცა სააგენტო წელიწადში რამდენჯერმე ახორციელებს შესაბამის მონიტორინგს. ასევე ხშირია მოსახლეობის მხრიდან გამოძახებების შემთხვევებიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g