როგორ გავერთოთ ჩუმად – ახალგაზრდა წყვილმა საქართველოში ინოვაციური სტარტაპი შექმნა. ”ჩუმი”- ასე ჰქვია ქართულ სტარტაპს, რომელიც მსოფლიოში აღიარებული Silent Disco-ს ანალოგს წარმოადგენს.
როგორც ”ფორტუნას” ”ჩუმის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა რეზი ჯამაგიძემ განუცხადა, სტარტაპის შექმნის იდეა, საღამოს საათებში ხმაურზე დაწესებული რეგულაციების გამო გაუჩნდა.
”მოგეხსენებათ, 11-12 საათის შემდეგ უკვე ბარებიდან, კლუბებიდან, რესტორნებიდან და სხვა გასართობი დაწესებულებებიდან ხმაურის გამოსვლა იკრძალება. ამიტომ, მე და ჩემმა მეუღლემ – ანი მენაბდემ, გადავწყვიტეთ, ამ სტარტაპით მათთვის, ვისაც გართობა ღამის საათებში უყვარს, სასურველი სერვისი შეგვეთავაზებინა. “ჩუმი” არის Silent Disco-ს ანალოგი. წვეულება, სადაც ყველა მსმენელი მუსიკას უსმენს უსადენო, მანათობელი ყურსასმენით. “ჩუმი” არის შესაძლებლობა ერთ სივრცეში, ერთდროულად დაუკრას სამმა DJ-მ, მსმენელმა კი, მოუსმინოს მისთვის სასურველს. ჩვენ დაგიგეგმავთ ჩუმ ივენთს ნებისმიერ ადგილას, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში”, – აღნიშნა რეზი ჯამაგიძემ.
მისივე ინფორმაციით, სტარტაპი ”ჩუმი” ბაზარზე ოქტომბრის დასაწყისში გამოჩნდა და ამ მცირე პერიოდში მომხმარებლის ყურადღება უკვე მიიპყრო.
”რამდენიმე ივენთზე ”ჩუმის” სერვისი უკვე იქირავეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მომსახურება მსოფლიოში საკმაოდ ცნობილი და აპრობირებულია, ჩვენთან ჯერ უცხო ხილია. კონკურენტები ბაზარზე არ გვყავს, თუმცა, ვფიქრობ, რომ ამ ბიზნესს ჩვენს ქვეყანაში დიდი მომავალი აქვს”, – აღნიშნა სტარტაპის დამფუძნებელმა.
როგორც ”ჩუმის” შემქმნელი ამბობს, სამომავლოდ აპარატურის ხარისხის დახვეწა და სერვისის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა აქტივობის განხორციელება იგეგმება. ამ ეტაპზე ”ჩუმის” სერვისის ღირებულება ყურთსასმენის რაოდენობით განისაზღვრება, თითო მანათობელი ყურთსასმენი 5 ლარი ღირს.