გიგა კვენეტაძე რუსულ შოუბიზნესში დიდი ხანია, მუშაობს. მან არაერთ პოპულარულ შემსრულებელს დაუწერა ჰიტები, მათ შორის ჯგუფ „ა-სტუდიოსთანაც“ აკავშირებს მრავალწლიანი თანამშრომლობა. ახლახან ჯგუფმა ახალ სიმღერაზე კლიპი გადაიღო. კომპოზიციის მელოდია სწორედ გიგას ეკუთვნის, ტექსტი კი ოლგა სერიაბკინას.
გიგა, კომპოზიტორის კარიერის პარალელურად, რუსეთში საკუთარი, როგორც მომღერლის კარიერის განვითარებაზეც ზრუნავს და უკვე მესამე საავტორო სიმღერაზე მუშაობს. გარდა ამისა, ის საქართველოშიც თანამშრომლობს მომღერლებთან და ამჟამად ლელა წურწუმიასა და ნინი ბადურაშვილთან აქვს საქმიანი ურთიერთობა.
გიგა კვენეტაძე:
„ა-სტუდიოსთან“ პირველი შეხება მქონდა შორეულ 2006 წელს, როდესაც ქეთას ჯგუფში აყვანის საკითხი იხილებოდა. ნატო დუმბაძემ გაგზავნა ქეთას დისკი ბაიგალ სერკიბაევთან, სადაც შესული იყო ჩემი სიმღერა „გული გეფერებოდა“. ეს სიმღერა, სხვათა შორის, ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა, რომ ქეთა „ა-სტუდიოს“ წევრი გამხდარიყო. ეს იყო ჩემი ერთ-ერთი პირველი შეხება ლეგენდარულ „ა-სტუდიოსთან“.
2011 წელს ქეთას გადავუგზავნე სიმღერა სახელწოდებით „მე გეძებდი“. ბაიგალის ახლოს არ ვიცნობდი. იმ დღესვე დამირეკა და მითხრა, რომ მასზე სერიოზულ აქცენტს გააკეთებდნენ და ასეც მოხდა.
მას შემდეგ კიდევ რამდენიმე კომპოზიცია ჩაწერეს ჩემი, ერთ-ერთი ბოლო კი არის „სე ლა ვი“, რომელზე გადაღებული კლიპიც ახლახან გამოვიდა.
ეს სიმღერა დავწერე ექვსი თვის წინ და გადავუგზავნე ქეთას, რომელსაც ძალიან მოეწონა ეს კომპოზიცია. მცირე ხანში მე და ბაიგალიმ დავიწყეთ არანჟირების კეთება, ჩემს სტუდიაში ჩაიწერა ვოკალი და შემდეგ გადაგზავნეს ინგლისში, მასტერინგისთვის. ძალიან მიხარია, რომ ამ სიმღერაზე კლიპი გადაიღეს და ის ძალიან პოპულარული ხდება.
სხვათა შორის, როცა ქეთა ორსულად იყო ოლივიაზე, ჩემს ერთ-ერთ სიმღერაზე კლიპი გადაიღეს, ახლაც ფეხმძიმედაა და ისევ ჩემი სიმღერა შეასრულა. ძალიან კარგი დამთხვევაა და აღსანიშნავი ფაქტი.
გიგა, „სე ლა ვის“ ტექსტი ოლგა სერიაბნკიას რომ უნდა დაეწერა, ეს ვინ გადაწყვიტა?
ერთობლივად გადავწყვიტეთ. ის ძალიან საინტერესო ტექსტებს წერს. როცა გადმოაგზავნა, ფაქტობრივად, არ დასჭირდა შესწორება. სე ლა ვი -ს იდეა ბაიგალის მოუვიდა და თქვა, რომ ეს ერთ-ერთი ფაქტორი იქნებოდა იმისი, რომ სიმღერა ჰიტი გახდებოდა.
სიმღერა ძალიან მაგარი გამოვიდა ყველა მხრივ, მუსიკალურად, ტექსტის მხრივ, არანჟირებითაც. ქეთა, როგორც ყოველთვის, ჩემს სიმღერებს გამორჩეულად ასრულებს და ძალიან კმაყოფილი ვარ. სხვათა შორის, არანჟირებაში საკუთარი იდეები გვითხრა ცნობილმა ყაზახმა არანჟირებების ავტორმა და საბოლოო სახე მოგვაცემინა სიმღერისთვის.
შენს მუსიკალურ კარიერაზე რას მოგვიყვები?
როგორც კომპოზიტორი, უკვე შევდექი, რადგან დავუწერე სიმღერები „ა სტუდიოს“ გარდა, ელენა ვაენგას, ნიკალაო ბასკოვს და სხვა შემსრულებლებს, რომლებიც რუსულ შოუბიზნესში ამინდს ქმნის.
სულ რაღაც ექვსი თვის წინ გადავწყვიტე ჩემი სოლოკარიერაც. ჩემი პირველი სიმღერის პრემიერა შედგა, „მე ეს სიყვარული მწვავს“, ქართულ და რუსულ ენებზე. 7 ნოემბერს მეორე სიმღერის პრემიერა მქონდა და ძალიან კარგი გამოხმაურებები მაქვს. ხშირად ითხოვენ ცნობილ მუსიკალურ პლატფორმებზე.
ვმუშაობ სოლოკარიერაზე აქტიურად. ყველაფერი წინაა. მესამე სიმღერაზე ვმუშაობ და მასზე კლიპის გადაღებას ვაპირებ.
ქართული შოუბიზნესის წევრებთან თანამშრომლობ?
ჩემს კოლეგებს არცთუ ხშირად ვეკონტაქტები საქართველოში, თუმცა არის გამონაკლისებიც. ლელა წურწუმიამ მთხოვა ჩემი ძველი სიმღერა, რომლის გარემიქსებაც უნდა და მას ვუკა მანაგაძე ასრულებდა. ვმუშაობ ნინი ბადურაშვილთან. უკვე არანჟირების კეთებაც დაიწყო და მალე შემოგიერთდებით ლამაზი სიმღერით.
დიდი მადლობა ინტერვიუსთვის და მინდა, მთელ საქართველოს გადმოვცე მოკითხვა. მენატრება ჩემი მსმენელი და მეგობრები. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება და ჩვენ ევროპული, განვითარებული ქვეყანა ვიქნებით!..
ნინო მურღულია