LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა მიიღოს საქართველომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელით მაქსიმალური სარგებელი / “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

30
წყალქვეშა კაბელი

17 დეკემბერს საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს მოაწერეს ხელი.

ეს პროექტი წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს, რომელმაც ერთმანეთთან საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს. პროექტის განხორციელების შემდეგ, 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი რუმინეთს  და საქართველოს დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიის და ევროკავშირის ქვეყნებს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიით ვაჭრობა.

თემაზე „ბიზნესკურიერში“ გიორგი კეპულაძესთან ერთად მურმან მარგველაშვილი – არასამთავრობო ორგანიზაცია „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ ხელმძღვანელი საუბრობს.

– როგორც გავიგეთ, პროექტზე დიდი ხანია მიდის მსჯელობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის. როგორც ჩანს, ბოლო დროს განვითარებულმა გეოპოლიტიკურმა ძვრებმა და ევროკავშირის პოზიციების შეცვლამ ცოტა დააჩქარა პროექტის განხორციელების დაწყება.

როგორ შეაფასებდით  პროექტს?

– სამწუხაროდ საქართველოს არ აქვს იმდენი შესაძლებლობა, რომ ევროკავშირს მნიშვნელოვანი ენერგია დიდი რაოდენობით მიაწოდოს. უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა დააჩქარა ევროკავშირის მიერ გარე წყაროების ძიება. გამოჩნდა აზერბაიჯანის შესაძლებლობები. ჩვენი მეზობელი ქვეყანა აპირებს, ძალიან დიდი სიმძლავრის განახლებადი ენერგიის გამოყენებას. გეგმაში აქვს კასპიის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მზისა და ქარის სადგურების გაკეთება. ამ ყველაფერმა შექმნა დაინტერესება, რომ შავი ზღვის კაბელის პროექტი განხორციელებულიყო.

საქართველოსთვის პროექტი ნამდვილად მოსალოცი ამბავი და  ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია. მაგრამ ეს არის პირველი ნაბიჯი და ჯერ არც პროექტის საბოლოო ფორმა არის ჩამოყალიბებული და არც  ხაშთ აღრიცხვიანობის შეფასება გაკეთებულა. ეს ყველაფერი მომავალი წლის ბოლოსკენ იქნება.

ამ დროისთვის ჩვენმა ქვეყანამ მაქსიმალურად უნდა გააძლიეროს ძალისხმევა, იმისათვის, რომ მიღებული შესაძლებლობიდან საქართველომ მაქსიმალური სარგებელი მიიღოს.

დღეს სახეზეა, პოლიტიკური სარგებელი, რომელიც ევროკავშირის ინტერესებით არის გამყარებული, ამასთან  ის ოპტიკურ – ბოჭკოვანი გადამცემი, რომელიც ამ კაბელს უნდა მოჰყვეს და რომელიც ევროკავშირთან პირდაპირ დაგვაკავშირებს, უდიდესი დადებითი მოვლენაა.

უსაფრთხოების კუთხით გაუმჯობესებული გარემოც დადებითი მოვლენა იქნება.

დანარჩენი საკითხები- ეკონომიკურად რა სარგებელი იქნება, შევძლებთ თუ არა ჩვენი სადგურების განვითარებას და ჩვენი ენერგიის გატანას, რა პირობებით განხორციელდება ტრანზიტი, როგორ იქნება ინვესტიციები ჩვენს ქსელში ჩადებული – ყველაფერი სამუშაოა და მობილიზება გვმართებს, რომ პროექტიდან მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ.

დაგვჭირდება გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვა.  ჩვენ  სტრატეგიული პროექტის მაგალითი გვაქვს, როდესაც 2002 წელს ბაქო-თბილისი -ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი – ერზრუმის გაზსადენების პროექტს მოეწერა ხელი.

ამ პროექტებს წინ უძღოდა 5-6 წლიანი ინტენსიური მუშაობა – ანალიტიკა და  მოლაპარაკებები.  იგივე პროცესია ახლაც გასამეორებელი, იმისთვის, რომ თუნდაც იმის მიახლოებითი სარგებელი მივიღოთ, რაც გვაქვს ბაქო- თბილისი- ერზრუმის გაზსადენიდან.

– ბევრი თქვენი კოლეგა ამ ორ დიდ პროექტს ადარებს. მომზადების თემა ახსენეთ, იმ ფონზე, როდესაც ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე იქმნება პრობლემები, ვნახეთ, რომ ხუდონჰესი გამოისყიდა სახელმწიფომ. მოიტანს თუ არა ეს შედეგს? ფაქტია, რომ ახალი ჰესები გვჭირდება. თუმცა, პროცესი საკმაოდ ნელა მიმდინარეობს.

– სახელმწიფოს სწორი ჩართულობა ნამდვილად გამოიღებს შედეგს. „იქნება თუ არა მეტი სწორი ჩართულობა“- ეს იქნება სწორი კითხვა. მგონია, რომ „ნამოხვანჰესის“ წარუმატებლობა შესწავლილი არ გვაქვს და არც დასკვნები გვაქვს გამოტანილი.

ერთ-ერთი უპირველესი დასკვნა, რაც ამ პრობლემიდან გამომდინარეობს, იყო კომუნიკაციის ნაკლებობა. ოღონდ ეს არ უნდა იყოს კომუნიკაცია მხოლოდ ლოზუნგებით და მოკლე განცხადებებით. ეს უნდა იყოს მუდმივი მუშაობა, ჩვენება იმისა, რომ სტრატეგიულად ვფიქრობთ,   რომ  ოპტიმალურად ვიქცევით და იმის ჩვენება, რომ გამჭვირვალედ ვაკეთებთ ამას.

ეს ყველაფერი თუ იქნება, მაშინ იქნება წარმატება. მნიშვნელოვანია, ინვესტორმა ჩადოს თავისი ფული. იმისათვის,  რომ ჩვენი ეკონომიკა გაიზარდოს და ჩვენი სახსრები დავხარჯოთ ისეთ სფეროებზე, სადაც ინვესტორი სავარაუდოდ ფულს არ ჩადებს.

– ფინანსთა მინისტრმა უკვე განაცხადა, რომ 20 მილიონი უკვე გათვალისწინებულია შემდეგი წლის ბიუჯეტში, რომელსაც წინასწარ შესწავლას დასჭირდება. შავი ზღვის ფსკერზე გეოლოგიური სამუშაოების ჩატარებას საქართველო გარკვეულწილად თავის თავზე იღებს. 

როგორც ჩანს, არ იქნება პრობლემა დაფინანსების კუთხითაც, რადგან 2 მილიონ ევროს სცდება პროექტი. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ძალიან მოტივირებულია ამ მიმართულებით. ჩვენი მაქსიმალური ჩართულობა ალბათ პროფესიული კუთხით იქნება საჭირო. 

– არაბული კომპანიები აზერბაიჯანში დიდი თანხების დაბანდებას აპირებენ, იმისათვის, რომ დიდი სიმძლავრის მზისა და ქარის სადგურების მშენებლობა მოხდეს, მათ უკვე აქ გეგმა, მიღებული ელექტროენერგია შავი ზღვის კაბელით გაატარონ ელექტროენერგია ევროპაში.

იმავე არაბულმა კომპანიებმა ჩვენთან რომ ჩადონ  ფული და ჰიდროპოტენციალი, ან ქარისა და მზის ენერგიის სადგურების მშენებლობა განვითარდეს,  ნამდვილად არ იქნება ჩვენთვის ცუდი. უნდა ვიმუშაოთ, რომ ინვესტიციები მოვიზიდოთ.

პროექტს დიდი სარგებელი აქვს. ეკონომიკაც იზრდება და იზრდება ქვეყნის კონკურენტულ უნარიანობა.

ინვესტიცია კი  სტიმულია სხვა ინვესტიციისთვის. თანხა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დაიხარჯება, იბრუნებს, ხელიდან ხელში გადავა, რომელიც დამატებით სამუშაო ადგილებსაც შექმნის.

– გეთანხმებით, თუ პროექტი წარმატებით განხორციელდა, მთელი ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება, არამხოლოდ ენერგეტიკული კუთხით, არამედ უსაფრთხოების კუთხითაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g