როგორ უნდა მოიქცეთ, თუ კიბერბულინგის მსხვერპლი გახდით – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოკონსულტანტმა მაკა გორდელაძემ ისაუბრა.
რა არის კიბერბულინგი?
კიბერბულინგი – ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, ფარული ან აშკარა დაშინების მიზნით განხორციელებული ქმედებაა. „კიბერბულინგში“ მოიაზრება: სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელი ფოტოების ან ვიდეოს განთავსება, უხამსი ჭორების გავრცელება, მავნე მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა, სხვათა სახელით გვერდებისა და სოციალურ ქსელებში ანგარიშების შექმნა და ასე შემდეგ. კომპიუტერული ტექნოლოგიების თანამედროვე ეპოქაში სულ უფრო პოპულარული ხდება „კიბერბულინგი“.
კიბერ-ბულინგი – პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროება და ამით შანტაჟი, ვირტუალურ სივრცეში დატერორება, მუქარა. ასეთი ტიპის ჩაგვრა გულისხმობს ადამიანის არასასურველი ფოტოების გამოქვეყნებას, დამცინავი და შეურაცხმყოფელი კომენტარების გაკეთებას. მისი განვითარება სოციალური ქსელების/ინტერნეტსივრცის აქტიურ გამოყენებას მოჰყვა შედეგად. ასევე დღითიდღე უფრო ფართოდ ვრცელდება სოციალურ ქსელებში სპეციალური გვერდების შექმნის პრაქტიკა, სადაც გამიზნულად აბუჩად იგდებენ ადამიანებს მათი გარეგნობის, შემოქმედების, რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობის გამო. ტრადიციული ბულინგისგან განსხვავებით, კიბერბულინგს არ სჭირდება ფიზიკური ძალა ან პირისპირ შეხვედრა. ხშირად ის ძალიან ბევრი მოწმის წინაშე ხდება.
რა ფორმით ვხდებით კიბერბულინგს?
კიბერბულინგი ყველა ფორმით და სახით არსებობს – ნებისმიერს, ვისაც ინტერნეტი ან მობილური ტელეფონი აქვს, შეუძლია წამოიწყოს კიბერბულინგი ვიღაცის მიმართ, ხშირად ანონიმურად. კიბერბულინგის განმახორციელებელს, პირობითად კიბერაგრესორს, შეუძლია მსხვერპლის დამცირება 24 საათის განმავლობაში, ხოლო მსხვერპლმა აგრესია შეიძლება ნებისმიერ ადგილას მიიღოს, ანუ არავითარი ადგილი, სახლიც კი, აღარ არის უსაფრთხო, და მხოლოდ რამდენიმე ღილაკის დაჭერით ამ პროცესს შეიძლება ონლაინ შეესწროს ასობით ან ათასობით ადამიანი.
მეთოდები, რომელთაც კიბერბულინგისთვის იყენებენ, ისეთივე განსხვავებული და მრავალფეროვანია, როგორც მათთვის ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები: მუქარის შემცველი ან შემაშინებელი მესიჯების გაგზავნით დაწყებული, იმელის ანგარიშის გატეხვით და ონლაინიდენტობის მითვისებით დამთავრებული. ზოგიერთი კიბერაგრესორი ვებსაიტს ან სოციალური მედიის გვერდსაც კი ქმნის მსხვერპლის დასამცირებლად.
კვლევების თანახმად, გოგოების მიმართ უფრო მეტად ხორციელდება ბულინგი, ძირითადად ავრცელებენ ჭორებს და მცდარ ინფორმაციას მსხვერპლის შესახებ.
რადგან კიბერბულინგი ძალიან სწრაფად მოქმედებს, ბავშვი ან მოზარდი იოლად იცვლის როლს, შეიძლება კიბერბულინგის მსხვერპლიდან ერთ წუთში გადაიქცეს აგრესორად და შემდეგ ისევ მსხვერპლად. კიბერბულინგი, ტრადიციული ბულინგის მსგავსად, აგრესიას, ძალადობას და ჩაგვრის გავრცელებას უწყობს ხელს. მას, განსხვავებით ტრადიციული ბულინგისგან, ფსიქოლოგიური ძალადობის კიდევ უფრო მეტი გამოხატვის საშუალება აქვს. აქ მაღალია ანონიმურობა, ანუ უფრო მეტი საშუალება გაქვს გამოხატო ის, რასაც პირისპირ არ გამოხატავ, ხელი იოლად მიგიწვდება ყველა იმაზე, ვისზეც გინდა გაავრცელო აგრესია.
დამამცირებელი მოპყრობა შესაძლოა გახდეს „მთელი ჯგუფისთვის“ დასანახი. კიბერბულინგი მოზარდის მიერ მძაფრად აღიქმება და, შესაბამისად, ემოციური ზიანი მაღალია. კიბერბულინგი მოიცავს დამამცირებელი სახელების შერქმევას, თავდასხმასა და შანტაჟის სერიოზულ საფრთხეს. ბულინგის მსხვერპლი ადვილი ამოსაცნობია, ის ყოველთვის გამორჩეულია რაიმე ნიშნით სხვა ბავშვებისგან, აღენიშნება შფოთვის მაღალი დონე და აკლია თავდაჯერებულობა.
ამერიკის შეერთებული შტატების განათლების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, აშშ-ს ქალაქებში არსებულ სკოლებში კიბერბულინგის მაჩვენებელი, ბოლო 2 წლის განმავლობაში, თითქმის სამჯერ გაიზარდა. მოზარდები ერთმანეთს, ყველაზე მეტად, რასის, სქესის და სექსუალური ორიენტაციის გამო ამცირებენ.
რა უნდა გავაკეთოთ თუ თქვენ კიბერბულინგის მსხვერპლი გავხდით?
მნიშვნელოვანია, არ უპასუხოთ არცერთ მესიჯს ან პოსტს, რომელიც თქვენ შესახებ დაიწერა, რაც არ უნდა მცდარი და მტკივნეული იყოს ის. პასუხი მხოლოდ დაამძიმებს მდგომარეობას და იმ რეაქციას გამოიწვევს, რაც აგრესორს ჰქონდა გამიზნული. ამიტომ ნუ მისცემთ მას კმაყოფილების საბაბს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მიმართოთ შურისძიებას, რომ თავად არ გახდეთ აგრესორი.
სასურველია, მოიქცეთ შემდეგნაირად: შეინახეთ კიბერბულინგის შესახებ ინფორმაცია. შეინახეთ ტექსტური შეტყობინებები ან ვებგვერდის სურათი და უჩვენეთ სანდო ზრდასრულს, მაგალითად, ოჯახის წევრს, მასწავლებელს. თუკი ასეთი შემთხვევები სწრაფად არ აღიკვეთება, კიბერაგრესორი ხშირად დამცირების და ძალადობის უფრო მძიმე ფორმებს მიმართავს; თუკი ვინმე ფიზიკური დაზიანებით გემუქრებათ ან უხამს სექსუალურ მესიჯებს გიგზავნით, მიმართეთ პოლიციას. ხშირ შემთხვევაში კიბერაგრესორის ქმედებები კანონით ისჯება; შეწყვიტეთ კიბერაგრესორთან ყოველგვარი ურთიერთობა. დაბლოკეთ მათი ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი და წაშალეთ სოციალური ქსელის კონტაქტებიდან. თუკი თქვენ ბულინგის მსხვერპლი გახდით, გახსოვდეთ: ნუ დაიდანაშაულებთ თავს. ეს არ არის თქვენი ბრალი. არა აქვს მნიშვნელობა, რას ამბობს ან აკეთებს კიბერაგრესორი, არ უნდა შეგრცხვეთ იმის, რასაც წარმოადგენთ და გრძნობთ. აგრესიის გამოვლინება ნიშნავს, რომ პრობლემები კიბერაგრესორს აქვს და არა თქვენ.