LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ოჯახის ექიმი არ რეკავს – როგორ ვუმკურნალოთ და როდის არის აუცილებელი ბავშვის კლინიკაში გადაყვანა

6891
Untitled design - 2022-02-03T152931.734

რამდენიმე დღეა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ინფიცირების 196 589 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა.

მრავალი მოქალაქე გამოთქვამს უკმაყოფილებას, რომ ოჯახის ექიმი არ უკავშირდება.

ჯანდაცვის  ექსპერტები ამბობენ, რომ განსაკუთრებით გართულდა მდგომარეობა პედიატრიულ სექტორში.

  • როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ კოვიდინფიცირებული ბავშვი სახლში გადის მკურნალობას და ოჯახის ექიმი არ გვიკავშირდება.
  • როდის დგება ბავშვის სტაციონარში გადაყვანის აუცილებლობა.

ამ კითხვებით „ფორტუნამ“ სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორს, პედიატრს, იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორს ივანე ჩხაიძეს ესაუბრა. 

„პედიატრიულ სექტორში მიმართვიანობა ძალიან გაიზარდა, ამიტომ ერთ-ერთი აქტუალური საკითხია, რა უნდა გავაკეთოთ, თუ ბავშვს მაღალი სიცხე, ან კორონავირუსის სხვა გამოვლინება აქვს და ოჯახის ექიმი ვერ ახერხებს ნახვას.

ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს რამდენიმე მარტივი რეკომენდაცია. ძირითადი გზავნილი, რაც ჩვენ ჩვენი შვილების მშობლებისთვის გვაქვს, მარტივი შესასრულებელია:

პირველ რიგში შეხედეთ ბავშვის დაავადებას, როგორც ვირუსულ ინფექციას. გაიხსენეთ, როგორ იქცეოდით პანდემიამდე ვირუსის მართვის დროს.

სიმპტომატიკა, რაც აქვს „ომიკრონის“ შტამს ბავშვებში და სიმპტომატიკა, რომელიც აქვს რინოვირუსის გამოვლინებას ბავშვებში, პრაქტიკულად იდენტურია. რომ არა რამდენიმე მცირე ნიუანსი, კლინიკური ნიშნებით რთულია განასხვაოთ ეს არის კორონავირუსი, თუ რომელიმე სხვა ვირუსი“. – აცხადებს ჩხაიძე..

 

რა ახასიათებს „ომიკრონს“ და როგორ ვუმკურნალოთ შინ

 

„ძირითადად ზედა სასუნთქი გზების დაზიანების ნიშნები, რომელშიც შედის ცემინება და ცხვირიდან გამონადენი, ყელისა და თავის ტკივილი, ტემპერატურის მომატება, შედარებით იშვიათია ხველა, საერთო სისუსტე და შესაძლებელია აღინიშნოს ნაწლავთა მოქმედების გახშირება და კანზე გამონაყარი, როგორც წესი მშობლისთვის საგანგაშო ხდება ტემპერატურის მომატება.

ტემპერატურის მატება შესაძლებელია იყოს მაღალ ციფრებზე

ამ შემთხვევაში, ექიმისა და პედიატრის ინფორმირება აუცილებელია, მაგრამ მანამდე ასეთი ბავშვების ბინაზე მართვა შესაძლებელია.
„ომიკრონის“ შემთხვევაში უპირატესობა ბინაზე მართვას ენიჭება და არა სტაციონარში მართვას.

მშობლისთვის ყველაზე საგანგაშო შეიძლება აღმოჩნდეს ტემპერატურის მატება, ამიტომ პირველ რიგში უნდა მოვახერხოთ ტემპერატურის დაწევა.

ტემპერატურის მართვაში პირველ რიგში იგულისხმება, რომ მკაფიოდ დავაფიქსიროთ ის ზღვარი, რომლის დროსაც პაციენტს უნდა მივცეთ სიცხის დამწევი საშუალება.

ასეთი ზღვარი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის დადგენილი (ამ მონაცემს იყენებს მთელი მსოფლიო).

მაღალი ტემპერატურაა 38.5 და მეტი. რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენს შვილს კორონავირუსიც რომ ჰქონდეს და ტემპერატურა არის 38.5-მდე და მატების ტენდენცია არ აქვს, შეგიძლიათ, დამწევი საშუალება არ გამოიყენოთ. ამ შემთხვევაში იმისთვის, რომ ბავშვს შეუქმნათ კომფორტული გარემო, უნდა მისცეთ, ბევრი სითხე“. – განმარტავს ჩხაიძე.

 

რა შემთხვევაში უნდა ჩავთვალოთ, რომ კლინიკაში ბავშვის გადაყვანა აუცილებელია

 

„როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ძირითადი ნიშანი არის ტემპერატურის მატება, რა თქმა უნდა, მშობელმა ისიც უნდა იცოდეს, როდის იწურება ბინაზე მართვის რესურსი.

აქ ჩვენ გვაქვს მკაცრად განსაზღვრული დროის ლიმიტი.
სამი დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა მშობელმა შესაძლებელია, ბინაზე მართოს სიცხის დამწევი საშუალებებით.

ეს საშუალებები არის ან პარაცეტამოლი, ან იბუპროფენი.

ბავშვებში ჩვენ სხვა საშუალებებს არ ვიყენებთ და ეს წამლები აუცილებლად მიცემული უნდა იყოს სიროფის, ან სანთლის სახით. მცირე ასაკის ბავშვებში ვერიდებით ტაბლეტიზირებულ მკურნალობას, რადგან აქ მაღალი დოზის მიცემის რისკი მაღალია.

 

 

თუ თქვენს შვილს აქვს ტემპერატურის მატება და 38. 5-ზე მეტია ტემპერატურა, ეცადეთ დამწევის მიცემა 4-6 საათიანი ინტერვალით.სასურველია, ინტერვალი იყოს 6 საათიანი, მაგრამ უკიდურეს შემთხვევაში შეგიძლიათ ოთხ საათში ერთხელ მისცეთ და თუ ტემპერატურა სიცხის დამწევს ემორჩილება, ჩათვალეთ, რომ ეს პირველი ამოცანაა, რომელიც შესრულებულია.

დამწევის მიცემის შემდეგ, ტემპერატურის დაწევა და არა ნორმალიზება, ისაა, რისთვისაც ჩვენ დამწევს ვაძლევთ.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დამწევის მიცემის მოტივაცია არის არა ტემპერატურის ნორმალიზება, არამედ ტემპერატურის შემცირება.
შესაძლოა, ორი ხაზით ჩამოვიდეს ტემპერატურა, მაგრამ არ ჩათვალოთ, რომ დამწევი არ მოქმედებს.

თუ სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა არის 38.5 და მეტი, მაშინ ეს ბავშვი სასურველია, რომ გადაყვანილი იყოს საავადმყოფოში.

გარდა ამისა ჩვენ გვაქვს ორი მდგომარეობა, რომლის შეფასებაც მშობელს შეუძლია და შეუძლია განსაზღვროს მისი ბავშვი უნდა გადაიყვანოს თუ არა საავადმყოფოში.

  • თუ ბავშვს აქვს სუნთქვის მკვეთრი გახშირება –  ჩვენ ციფრებს არ ვასახელებთ, იმიტომ რომ შესაძლებელია, რომ მშობელმა სუნთქვა სწორედ ვერ დათვალოს.
  • თუ მშობელი თვლის, რომ მისი ბავშვის სუნთქვა მკვეთრად გახშირებულია, ეს ფილტვის დაზიანების ნიშანია. ასეთი ბავშვი აუცილებლად უნდა იყოს შეფასებული პედიატრის მიერ. ფილტვის დაზიანების შემთხვევაში ბავშვი აუცილებლად უნდა იყოს სტაციონარში.
  • ნაწლავთა მოქმედების გახშირება, სამჯერ და მეტჯერ, სითხის დიდი რაოდენობის შემცველობით, ასეთი გამოვლინება პლუს ძილიანობა და უმადობა, ეს საკმარისი მიზეზია, რომ ბავშვი სტაციონარში იყოს გადაყვანილი“. – აცხადებს ჩხაიძე.

 

როგორი უნდა იყოს ინფიცირებული პატარას რეჟიმი და კვების რაციონი 

 

„არაა აუცილებელი ბავშვისგან მოვითხოვოთ, რომ იმავე რაოდენობის საკვები მიიღოს, რასაც ადრე იღებდა.
ეცადეთ, ხშირად და მცირე ულუფები შესთავაზოთ ბავშვს საკვები. სასურველია ის შედგებოდეს ცილებისგან და ნახშირწყლებისგან. ეს შეიძლება იყოს ხაჭო, პიურე, ქათმის, საქონლის ხორცი, ან თევზი. რძის პროდუქტები. (არა არაჟანი), აუცილებლად უნდა მიიღოს ხილი და ბოსტნეული.

არ ვურჩევთ, სოსისებსა და ძეხვეულს, ეცადეთ, არ მიიღოს კრემიანი პროდუქტები, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ზამთარია მათი შენახვის პირობები შეიძლება დარღვეული იყოს.

არამხოლოდ ასეთ დროს, არამედ ზოგადად წინააღმდეგი ვართ, რომ მივცეთ, შაურმა და სწრაფი კვების პროდუქტები“. – აცხადებს ჩხაიძე.

 

როგორ შეიძლება ბავშვი დავტვირთოთ თუ „ომიკრონის“ შემთხვევაში მესამე დღეს სიცხე აღარ ექნება?

„ომიკრონის“ შემთხვევაში სახლში ყოფნა კატეგორიულად არ ნიშნავს ჩაკეტვას.

ეცადეთ, მაქსიმალურად გაანიავოთ თქვენი შვილის ოთახი და თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ, გაიყვანეთ აივანზე. ბაღში ან ეზოში გაყვანის შემთხვევაში კი უნდა უზრუნველყოთ, რომ თქვენი შვილი იზოლირებული იყოს, რადგან  ის გადამდებია და შესაძლოა, ვინმე დააინფიციროს.

ის არ უნდა დაიღალოს, მაგრამ ბაღში გასვლა და სუფთა ჰაერზე ყოფნა, აუცილებელია“, – ამბობს ივანე  ჩხაიძე „ფორტუნასთან“.

მაია ჩხაიძე: „ომიკრონით ინფიცირებისას, როგორც წესი, ბავშვები სამ დღეში უკვე კარგად ხდებიან“

mazda magti 5g