LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ზრუნავს მეუღლე გიორგი წერეთელზე: „პანდემიის პერიოდში ბინა გავყიდე, რომ ჩემი თანამშრომლებისთვის ხელფასები გადამეხადა…“

9993
გიორგი წერეთელი

გიორგი წერეთელი, ისევე, როგორც ბევრი სხვა მომღერალი, პანდემიის შემდეგ ჩვეულ აქტიურ საკონცერტო ცხოვრებას დაუბრუნდა.

მას მეუღლე, თამილა მარეხაშვილი ყველანაირად უდგას გვერდში და მას საკონცერტო ტანსაცმელსაც კი თავად ურჩევს.

გიორგის საკუთარი ბიზნესი აქვს – რესტორანი „სამი საუკუნე“, რომლის თანამშრომლებმა ახლახან იუბილეზე გრანდიოზული ტორტი მიართვეს მადლობას ნიშნად. როგორც შევიტყვეთ, მადლიერება ასე გამოხატეს, რადგან გიორგიმ პანდემიის პერიოდში საკუთარი ბინა გაყიდა, რომ მათთვის ხელფასები დაეფარა…

გიორგი წერეთელი: 

პანდემიის შემდეგ გაორმაგდა მუშაობა. რა თქმა უნდა, ამოვისუნთქეთ, არა მხოლოდ მე, არამედ ჩემმა კოლეგებმა. პანდემიის პერიოდი დეპრესიული ნამდვილად არ ყოფილა, არასდროს ვვარდები დეპრესიაში. მყავს დიდი სამეგობრო, ერთ მუშტად შევიკარით, ჩემს კოლექტივთან ერთად. ერთ ოჯახად ვიყავით. ბიზნესის გადარჩენაზე ვფიქრობდი, ეს კი ნიშნავდა იმ ხალხის გადარჩენას, რომელიც ჩემ გვერდით დგას რესტორანში 10-15 წელია. პანდემიის პერიოდი გამოვიყენე იმისთვის, რომ ახალი სიმღერები ჩამეწერა, უფრო საესტრადო ჟანრში და არა საქეიფოში. როცა გამოსავალს ვერ პოულობ, შესავალი უნდა იპოვო (იცინის).

ამ ორი წლის განმავლობაში ვისაც ღონისძიებები ჰქონდა დაგეგმილი, იუბილეები, ქორწილები, ბანკეტები, ყველაფერი ახლა კეთდება. პანდემია დასრულდა თუ არა, პრაქტიკულად, ისრაელში ვცხოვრობდი, იმდენი კონცერტი მქონდა. იქ უფრო მეტად ითხოვენ ჩემს საქეიფო სიმღერებს, ქართველი ებრაელები ძალიან აქტიურები არიან. სანამ უკრაინაში ომი დაიწყებოდა, იქ უდიდესი სამეგობრო მყავს და ხშირად აწყობდნენ კონცერტებსა და ბანკეტებს. 30 აპრილს ნიუ იორკში მივფრინავ, სადაც მე და ნინი შერმადინი ვატარებთ კონცერტს. პანდემიამდე გვქონდა ერთი კონცერტი და დიდი ფურორი მოახდინა. მე და მერაბ სეფაშვილმა ჩავწერეთ ახალი საქეიფო დუეტი, რომლის პრემიერაც, სხვათა შორის, „არ დაიდარდოს“ ეთერში შედგა. ეს არის საქორწილო სიმღერა, რომელიც ნეფე-დედოფალს ეძღვნება.

ცოტა ხნის წინ იყო თქვენი დაბადების დღე, რომელიც გრანდიოზულად აღნიშნეთ „სამ საუკუნეში“, თქვენსავე რესტორანში… ძალიან მხიარული წვეულება გამოგივიდათ…

ზუსტად ის ხდებოდა, რაც ყოველ წელიწადს პანდემიამდე ჩემს დაბადების დღეზე. ჩემს კოლეგებს და შოუბიზნესის ვარსკვლავებს ვხვდები სამუშაო მოედანზე, ასე ვთქვათ, კონცერტებზე. არ გვაქვს საშუალება, რომ ერთმანეთთან სხვანაირად მოვილხინოთ. სცენაზე რომ დგახარ, სამსახურში ხარ. ჩემს დაბადების დღეზე ჩემს მეგობრებს რომ არ დავუძახო, ხომ არ გამოვა? ჩემი მეგობრები კი ძირითადად მომღერლები არიან. დაბადების დღეზე ყველას ვმასპინძლობ მაქსიმალურად და გამოდის, რომ იქაც ვმუშაობ ხოლმე (იცინის). ვცდილობ, ყველამ კარგი დრო გაატაროს და კარგად მოილხინოს, თავადვე მიიღოს სიამოვნება. ეს დაბადების დღე კარგი გამოვიდა, მეორე დღეს ყველამ მადლობის სათქმელად დამირეკა. მგონი, მასპინძლის მისია კარგად შევასრულე. გრანდიოზული გამოვიდა, რადგან ორი წელიწადი დაბადების დღე ვერ გადავიხადე.

ტორტიც გრანდიოზული იყო. თქვენმა მეუღლემ ხომ არ შეუკვეთა?

არა, ეს იყო ჩემი თანამშრომლების საჩუქარი „სამი საუკუნის“ კოლექტივისგან. მეც გაკვირვებული დავრჩი. ტორტი მართლა გრანდიოზული იყო. მადლობა ღმერთს, რომ ჩემი კოლექტივი ჩემი ერთგულია, იმას ვუბრუნებ უკან. პანდემიის პერიოდში არც ერთი ადამიანი არ დავტოვე უყურადღებოდ. ძალიან ძვირად ღირებული ტორტი იყო და უხერხულად ვიგრძენი თავი, მაგრამ მიპასუხეს, რომ მათგან ამას ვიმსახურებდი…

მართალია, რომ ბინა გაყიდეთ ამ პერიოდში?

მომიწია სახლის გაყიდვამ, რადგან ყველას ჰქონოდა ორი წლის განმავლობაში ხელფასი და სახლში მიეტანა პურის ფული. მრცხვენია ამის თქმის, მაგრამ იყო ასეთი ფაქტი…

ანუ სახლი იმის გამო გაყიდეთ, რომ თანამშრომლებისთვის ხელფასები გადაგეხადათ?

კი, ასე იყო, მაგრამ არ მინდა ამაზე ვრცლად საუბარი, რადგან მერე იტყვიან, ტრაბახობსო…

ახლა გაქვთ სახლი?

ჩემს სახლში ახლა რემონტია. სახლი, რომელშიც ვცხოვრობდი, ის გავყიდე, მეორე სახლი მქონდა, სარემონტო და ახლა კეთდება რემონტი.

მეუღლისგან რა საჩუქარი მიიღეთ დაბადების დღეზე?

მეუღლემ მისახსოვრა ოქროს ბეჭედი, სასწაული ბეჭედი შეუკვეთა ჩემთვის, ასევე ცეპი. ოქროთი გამოხატა თავისი სიყვარული. შენ ხარ ჩემო ოქროო, ასე მითხრა (იღიმის). მისგან და მისი ოჯახისგან დიდ ყურადღებას ვგრძნობ.

როგორც ვიცი, გიყვართ ძვირფასეულობა და კარგი ჩაცმა. სად იძენთ სამოსს?

თამილას დამსახურებაა, რომ ახალი სამოსი მაქვს ხოლმე. არ მაქვს იმის დრო, რომ მაღაზიებში ვიარო. მადლობელი ვარ ქართველი დიზაინერების. თამილა ყველასთან კონტაქტზეა. რეალურად ის არჩევს, მერე ერთობლივად ვარჩევთ, რა რომელ სიტუაციაში მომიხდება.

თქვენი იმიჯმეიკერია?

ასე გამოდის და სხვათა შორის, ძალიან ნიჭიერი. ისე ყიდულობს ტანსაცმელს, არც მჭირდება მისვლა, ზეპირად იცის ზომები. ეს ნიჭი აქვს თამილას. ჩაერთო ამაში და თავადაც სიამოვნებს. რეალურად გადავინაწილეთ – კაცის საქმე კაცმა უნდა აკეთოს, ქალის – ქალმა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები