მარიამ შარმანაშვილი პასუხობს „თბილისელების“ კითხვას, თუ როგორი დედამთილია ცნობილი იტალიელი მსახიობი, ლეგენდარული სოფი ლორენი. მარიამი და კარპო პონტი უმცროსი მცირე ხნის წინ დაქორწინდნენ. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.
– მოდი, ისიც თქვით, როგორი დედამთილია სოფი ლორენი?
– ქალბატონი სოფი არის საოცარი პიროვნება, ის არის ქალურობის ეტალონი არა მხოლოდ ეკრანზე, არამედ ცხოვრებაშიც. როგორც დედამთილი, ძალიან თბილი, ყურადღებიანი და უბრალოა. პირველივე შეხვედრისას მისგან ისეთი სითბო ვიგრძენი, რომ ყოველგვარი დაძაბულობა მომეხსნა. ის არაჩვეულებრივი ადამიანია.
– ალბათ, ბევრს აინტერესებს, როგორ შეცვალა თქვენი ცხოვრება ამ საზოგადოების წევრობამ…
– შეიცვალა გარემო, ღონისძიებები, ადამიანები, ვისაც ვხვდები, მაგრამ შინაგანად მე ისევ ის მარიამი ვარ, ვინც უწინ ვიყავი. კიდევ ის შეიცვალა, რომ ადამიანები ქუჩაში მცნობენ და უდიდეს სიყვარულს გამოხატავენ, რაც ძალიან სასიამოვნო და ამაღელვებელია.
– როგორც აღნიშნეთ, ხშირად გეუბნებიან: „საკუთარ ბედნიერებაზე ამდენს ნუ საუბრობ, თვალი არ გეცეს“. რა აზრის ხართ ამასთან დაკავშირებით?
– მე მჯერა, რომ ბედნიერების გაზიარებით სხვა ადამიანების ცხოვრებაშიც ამრავლებ კეთილდღეობას და პოზიტივს, როცა გულწრფელი ხარ და სხვებს უზიარებ შენს სიხარულს, ეს დადებითი ენერგია უკან გიბრუნდება და გიცავს. „თვალი“ ვერ მოერევა იმ სიყვარულს და სინათლეს, რასაც გასცემ. კარგი იქნება, თუ ამას დავიჯერებთ და მუდამ შიშის ვიბრაციებში არ დავრჩებით.
