სახელმწიფო შესყიდვებში ამხანაგობის მონაწილეობის საკითხი მოწესრიგდა.
როგორც ”ფორტუნას” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან აცნობეს, 1 სექტემბრიდან ამოქმედდა „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 22 ივლისის №6 ბრძანება , რომლის თანახმადაც, სახელმწიფო შესყიდვებში ამხანაგობის მონაწილეობის საკითხი დარეგულირდა.
ცვლილების თანახმად, ტენდერში ერთობლივად მონაწილეობის მიზნით, ორ ან რამდენიმე მიმწოდებელს უფლება აქვს, გაერთიანდეს ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, ცვლილება ემსახურება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში კონკურენციის ზრდასა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას. კერძოდ, იმ შემთხვევაში, როდესაც შესყიდვაში მონაწილეობის მსურველები ცალ-ცალკე ვერ აკმაყოფილებდნენ სატენდერო პირობებს და, შესაბამისად, ვეღარ მონაწილეობდნენ ტენდერში, ამიერიდან მათ ეძლევათ საშუალება, გააერთიანონ თავიანთი ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები და ერთობლივი ძალისხმევით მოიპოვონ გამარჯვება ტენდერში. ამავდროულად, ამხანაგობის მონაწილეები შემსყიდველი იორგანიზაციის წინაშე პასუხს აგებენ სოლიდარულად.
სააგენტო იმედოვნებს, რომ აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.