LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ ვალუტაში ვისესხოთ და რომელში დავაგროვოთ? – ექსპერტის რჩევები

kep

სესხი და ანაბარი – ეს ორივე საბანკო სერვისი თანამედროვე სამყაროში ცხოვრების გასაუმჯობესებლად გამოიყენება. თუმცა, საქართველოში სესხები ადამიანების ცხოვრების გაუარესებასთან, ანაბრები კი, იშვიათ მოვლენასთან არის დაკავშირებული. ხშირად ამის მიზეზად, ეკონომიკური განათლების დაბალ დონეს ასახელებენ.

მომავლის დაგეგმვისთვის აუცილებელია სწორი გათვლები და პროგნოზები. პირადი ბანკირის აყვანის საშუალება კი, ყველას არ აქვს. ამიტომ, ექსპერტები ზოგად რჩევებს იძლევიან, რომლებიც თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებას უნდა მოარგოთ.

“საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე “ფორტუნას” მკითხველს ურჩევს, რომ სესხი იმ ვალუტაში აიღონ, რომელშიც ძირითადი შემოსავალი უფიქსირდებათ. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ კურსის მერყეობა ყოველთვიურ მდგომარეობაზე არ აისახოს.

“სესხის აღება ყოველთვის ჯობს იმ ვალუტაში, რა ვალუტაშიც გვაქვს ჩვენ ძირითადი შემოსავალი. თუ ლარში გვაქვს შემოსავალი, სჯობს, რომ ავიღოთ სესხიც ლარში, ამ შემთხვევაში, ლარის კურსის მერყეობა ჩვენს ყოველდღიურ გადახდებზე არ აისახება. სჯობს, რომ დაზღვეული ვიყოთ სავალუტო რისკისგან, რომელიც შესაძლოა, გაცილებით დამაზარალებელი იყოს, ვიდრე საპროცენტო განაკვეთი. თუ ჩვენ გვაქვს ქირიდან შემოსავალი უცხოურ ვალუტაში, დოლარში ვიღებთ ხელფასს, ამ შემთხვევაში შესაძლებელია სესხის ამ ვალუტაში აღება, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ 10 000 ლარამდე სესხის უცხოურ ვალუტაში აღება გალარების პროგრამის დაწყების შემდეგ, შეუძლებელია,” – განაცხადა გიორგი კეპულაძემ “ფორტუნასთან.”

 

ანაბარი

რაც შეეხება ანაბრებს, აქ მიდგომა სხვადასხვანაირია. ერთერთი და ყველაზე სანდრო მეთოდი გიორგი კეპულაძის თქმით, დანაზოგის დივერსიფიცირებაა. მისი თქმით, შესაძლებლობის შემთხვევაში, ანაბარი ორ ძირითად ვალუტაში უნდა გახსნათ.

ამასთან უნდა გაითვალისწინოთ, დაზოგვის მიზანიც.

“შესაძლოა დივერსიფიცირება – ანაბრის ნაწილი უცხოურ ვალუტაში შეინახეთ, ნაწილი კი ლარში. ასევე, უნდა გაითვალისწინოთ, რომ რა ვალუტაშიც გაქვთ ხარჯი, იმ ვალუტაში გააკეთოთ დანაზოგიც. თუ ჩვენ ვგეგმავთ მაგალითად, რაღაცის შეძენას ლარში, შევაგროვებთ ლარში.

ალბათ, ჩვენი ანაბრების პორტფელის გადანაწილება და დივერსიფიციება სხვადასხვა ვალუტაში, (მინიმუმ ორში) ყველაზე იდეალური ვარიანტია. თუმცა, ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შემოსავალი გქონდეთ, რათა შევძლოთ დაზოგვა.

როგორც წესი, ყველაზე ხანგრძლივი ვადიანი ანაბარი, საბავშვო ანაბარია, დანარჩენი მაქსიმუმ ორ წლიანია. თუმცა, შემდეგ გახანგრძლივებაც შესაძლებელია. რაც უფრო ხანგრძლივია ანაბარი, მით უფრო მნიშვნელოვანია მისი დივერსიფიცირება, რადგან სავალუტო რისკი უფრო მაღალია. ეს საშუალებას გვაძლევს არ დაკარგოს ჩვენმა ფულმა ის ღირებულება, რაც თავიდან ჰქონდა,” – განაცხადა “ფორტუნასთან” გიორგი კეპულაძემ.

ამასთან, “საზოგადოება და ბანკების” ერთერთი დამფუძნებელი საზოგადოებას ურჩევს, რომ დაზოგვა ჩვევაში ჰქონდეთ და არსებული შემოსავლის თუნდაც მცირე ნაწილი, მუდმივად გადადონ.

 

სტატისტიკა – რამდენს ზოგავენ საქართველოში და რა ვალუტაში

ეროვნული ბანკის ცნობით, 2018 წლის 1-ელი ოქტომბრის მიხედვით, საქართველოში საბანკო სექტორში განთავსებული დანაზოგების მოცულობამ 2018 წლის პირველი ოქტომბრისათვის 21.9 მლრდ ლარი შეადგინა.

პირველი სექტემბრის მდგომარეობასთან შედარებით, ლარში დაგროვილი დეპოზიტები 0.29 პროცენტული პუნქტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 0.60 პროცენტული პუნქტით).

რაც შეეხება, უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებს, აქ დოლარი ლიდერობს: უცხოური დეპოზიტების 84.2% დოლარში, ხოლო 14.1% ევროში გროვდება.

ეროვნული ბანკის სტატისტიკა/ დეპოზიტები უცხოური ვალუტის მიხედვით

თამთა უთურგაშვილი

magti 5g