რომელი ქვეყნები რჩება ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებად – ამ თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით ტყემალაძემ ისაუბრა.
რომელ ქვეყნებში გაიმართა ღვინის წარდგენები?
2024 წელს ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო 24 საერთაშორისო გამოფენაზე, 13 ფესტივალზე და 100-მდე დეგუსტაცია-პრეზენტაციაზე, სადაც ჯამურად ქართული ღვინის 200-მდე კომპანია მონაწილეობდა.
ქართული ღვინის წარდგენები გაიმართა მსოფლიოს 20 ქვეყანაში: აშშ, პორტუგალია, ფინეთი, დანია, ავსტრია, ნორვეგია, იტალია, ნიდერლანდები, იაპონია, პოლონეთი, გერმანია, ჩინეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, უნგრეთი, კორეის რესპუბლიკა, შვეიცარია, თურქეთი და ლატვია.
რომელი ქვეყნები რჩება ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებად?
ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებად რჩება აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, სხვადასხვა ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიები ახორციელებენ.
2024 წელს, ღვინის გამოფენები, კონკურსები, ტურები და ფესტივალები გაიმართა საქართველოს მასშტაბითაც, რაც მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმის პოტენციალისა და ადგილობრივ მოსახლეობაში ღვინის მოხმარების კულტურის ზრდისთვის.
ქართული ღვინო საქართველოში, წარმოდგენილი იყო 54 ღონისძიებაზე, მათ შორის, 17 გამოფენა/ფესტივალზე და 15 დეგუსტაცია-პრეზენტაციაზე, უცხოელი ღვინის პროფესიონალების მონაწილეობით გაიმართა 16 ღვინის ტური, ასევე გაიმართა კონკურსები და სიმპოზიუმი.
ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიზანია ღვინის ბაზრების დივერსიფიკაცია და საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობაა, 2024 წელს 16 მილიონ ლარს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ ოპერატიული მონაცემებით, გასულ წელს, ქართული ღვინის ექსპორტი, 2023 წელთან შედარებით, 6%-ით გაიზარდა და 95 მლნ ლიტრს მიაღწია.
2024 წელს საქართველოდან ექსპორტირებულია 565 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო და სპირტიანი სასმელები, რაც 24%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ მონაცემს.
გასულ წელს საქართველოდან მსოფლიოს 72 ქვეყანაში ექსპორტირებულია 95 მლნ-მდე ლიტრი, 276,1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაოდენობრივმა 6%, ხოლო შემოსავლების ზრდამ 7% შეადგინა.
ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: პოლონეთი – 12% (6,7 მლნ ლიტრი), გერმანია – 30% (1,28 მლნ ლიტრი), აშშ – 32% (1,2 მლნ ლიტრი), ლიეტუვა – 11% (707 ათასი ლიტრი), დიდი ბრიტანეთი – 42% (425,6 ათასი ლიტრი), თურქეთი – 62% (538 ათასი ლიტრი), აზერბაიჯანი – 34% (237 ათასი ლიტრი), კანადა – 16% (198 ათასი ლიტრი), ისრაელი – 2% (314 ათასი ლიტრი), არაბეთის გაერთიანებული ემირატები – 80% (70 ათასი ლიტრი), სამხრეთ კორეა – 26% (72,5 ათასი ლიტრი) და ა.შ.
რა იგეგმება 2025 წელს ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით?
ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამის 2025 წლის ბიუჯეტი 17,4 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 1,4 მლნ ლარით აღემატება გასული წლის ანალოგიურ ბიუჯეტს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, 2025 წელს ქართული ღვინო აქტიურად იქნება წარმოდგენილი შემდეგ სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია, სადაც სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიები განახორციელებენ. ქართველი მწარმოებლები მონაწილეობას მიიღებენ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაში.
ამასთან ერთად, გაგრძელდება „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“, რომლის ფარგლებში მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსება იმ კომპანიებისთვის განხორციელდება, რომლებიც ექსპორტს პრიორიტეტულ ბაზრებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებენ, გარდა დსთ-ს და სუამ-ის ქვეყნებისა.
ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ღვინის გამოფენები, კონკურსები და ფესტივალები გაიმართება საქართველოს მასშტაბით, რაც მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმის პოტენციალისა და ღვინის სამომხმარებლო კულტურის გაზრდისთვის.
აღსანიშნავია, რომ გასული წელს ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან მიღებულია რეკორდული 565 მლნ აშშ დოლარის შემოსავლები, რაც 24%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ მონაცემს.