LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე დეა კულუმბეგაშვილის ფილმს ,,დასაწყისი” აჩვენებენ

69
Beginning

როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენებენ დეა კულუმბეგაშვილის ფილმს ,,დასაწყისი”. ფილმი წარმოდგენილია სექციაში Limelight, რომელიც გამორჩეულ, საერთაშორისო ჯილდოების მფლობელ ფილმებს აერთიანებს. ,,დასაწყისის” ჩვენება შედგება 4 თებერვალს და იგი ონლაინ ხელმისაწვდომი იქნება 72 საათის მანძილზე.

,,დასაწყისი” დეა კულუმბეგაშვილის სადებიუტი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია. ფილმი 2020 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში შეირჩა. კორონავირუსის პანდემიის გამო, კინოფესტივალი არ ჩატარდა ტრადიციული ფორმით, თუმცა “დასაწყისი” მოგვიანებით კანში მაინც აჩვენეს ფესტიავლის სპეციალური გამოშვების ფარგლებში.

,,დასაწყისი”-ს ჩრდილოეთ ამერიკული პრემიერა შედგა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც ფილმს გადაეცა კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციაციის (FIPRESCI) ჯილდო. ფილმის მსოფლიო პრემიერა კი გაიმართა სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე. სან-სებასტიანში ფილმი 4 ჯილდოს მფლობელი გახდა: ფესტივალის მთავარი პრიზი ,,ოქროს ნიჟარა”, საუკეთესო რეჟისორის ჯილდო (დეა კულუმბეგაშვილი), საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო (ია სუხიტაშვილი) და ჟიურის სპეციალური პრიზი საუკეთესო სცენარისთვის (დეა კულუმბეგაშვილი, რატი ონელი).

,,დასაწყისი” გადაღებულია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში – ლაგოდეხსა და გარშემო სოფლებში.

ფილმი შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.

როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალის 2021 წლის გამოშვება ორ ნაწილად გაიმართება: 1-7 თებერვალსა და 2-6 ივნისს. ფორმატი შერეული იქნება, რაც ონლაინ ღონისძიებების გარდა, კინოჩვენებებზე ფიზიკურ დასწრებასაც გულისხმობს. როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალი 1972 წელს დაარსდა. იგი მაყურებელს საავტორო და ექსპერიმენტულ კინოს სთავაზობს და ფოკუსირებულია ახალი ტალანტების აღმოჩენაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g