საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი გუშინ ვიან ღამით სამეგრელო-ზემო სვანეთს სტუმრობდა. მინისტრმა რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად რუხის საავადმყოფო დაათვალიერა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში 35 ექიმია მობილიზებული და სამედიცინო დაწესებულებას ამ დროისთვის 72 პაციენტის მიღება შეუძლია. საავადმყოფოს საჭიროების შემთხვევაში 14 რთული ან გართულებული პაციენტის მკურნალობისთვის საჭირო ყველა პირობა გააჩნია.
ინფორმაცია “ფორტუნას” სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის პრესსამსახურმა მოგვაწოდა. მათივე ცნობით, მინისტრმა სამედიცინო დაწესებულების შესაძლებლობების გაზრდაზე ისაუბრა.
“ამ ეტაპზე, კლინიკას აქვს რესურსი მიიღოს 72 პაციენტი, მათ შორის 14 რთული ან გართულებული მდგომარეობით. ჩვენ კიდევ გავაძლიერებთ რუხის საავადმყოფოს იმ შესაძლებლობებს, რომლებიც მას აქვს და ეტაპობრივად მოხდება ამ რიცხვების გაორმაგება. შემდეგ ავალთ სრულ მოცულობაზე, რომელიც 220 საწოლზეა გათვლილი და იგი სრულად ჩაერთვება კოვიდინფექციის მართვაში”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, რუხის მულტიპროფილური საავადმყოფო მოემსახურება საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მყოფ მოქალაქეებს. ალექსანდრე მოწერელიას განმარტებით, დაწესებულება მზადაა მიიღოს ყველა ის მოქალაქე, ვინც ოკუპირებულ აფხაზეთში ცხოვრობს და დასჭირდება სამედიცინო დახმარება.
უწყების ინფორმაციით, მომავალში კლინიკა საუნივერსიტეტო ფუნქციის შესრულებასაც შეძლებს. ადგილზე არსებობს აუდიტორიების, ბიბლიოთეკისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურისთვის საჭირო სივრცე.
შეგახსენებთ, რომ რუხის მრავალპროფილური სამედიცინო კლინიკის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 41 მლნ ლარით დაფინანსდა. სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განახორციელა.