მარიუპოლის მერი ვადიმ ბოიჩენკო აცხადებს, რომ რუსებმა მარიუპოლში ორჯერ მეტი ადამიანი დახოცეს, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტებმა.
მისი ინფორმაციით, 2 თვეში რუსულ აგრესიას მარიუპოლში 20 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 40 ათასზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა ქალაქი დაეტოვებინა.
“ორ წელიწადში ნაცისტებმა მარიუპოლში 10 ათასი მშვიდობიანი მოსახლე მოკლეს. რუსმა დამპყრობლებმა კი ორ თვეში 20 ათასზე მეტი მარიუპოლის მცხოვრები დახოცეს. 40 ათასზე მეტი ადამიანი იძულებით გაიყვანეს ქალაქიდან. ეს არის მშვიდობიანი მოსახლეობის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი გენოციდი თანამედროვე ისტორიაში. რუსული არმია მიზანმიმართულად და დაუნდობლად ანადგურებს ჩვენს ქალაქს და მის მოსახლეობას. თუ დღეს არ გავერთიანდებით და არ შევაჩერებთ ამ ბოროტებას, მაშინ ამჯერად ფასი შეიძლება გაცილებით მაღალი იყოს“, – განაცხადა მან.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა დღეს განაცხადა, რომ რუსეთი უარს აცხადებს მარიუპოლიდან ევაკუაციის ყველა წინადადებაზე.
მისივე თქმით, რუსებს საუბრის ან დათმობაზე წასვლის არანაირი სურვილი არ აქვთ.
არსებული ინფორმაციით, „აზოვსტალის“ ქარხანაში ჯერ კიდევ ასობით ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება და ტერიტორია უკრაინის ძალების კონტროლის ქვეშ რჩება.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.
