„რამდენიმე რუსი სტუმრობდა ჩემს ძვირფას გესთჰაუსს და უკრაინის დროშა არ მოსწონებიათ. რა ქნეს? მიადგნენ დილას და საკუთარი ხელით ჩამოხსნეს“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას თელავში მდებარე გესთჰაუსის – „ჰესტიას“ დამფუძნებელი ლევან სამადაშვილი ავრცელებს. როგორც ის ამბობს, ეს არ არის ერთეული შემთხვევა, და ეს არის ზოგადი დამოკიდებულება, რუსეთის ზოგადი სახე.
„ამბავი “ორი რუსეთისა” და, ცოტა მეტიც.. გუშინ, თურმე, რამდენიმე რუსი სტუმრობდა ჩემს ძვირფას გესთჰაუსს და უკრაინის დროშა არ მოსწონებიათ. რა ქნეს? მიადგნენ დილას და საკუთარი ხელით ჩამოხსნეს. ასე დაუბარებიათ ფული გვაქვს ჩვენ გადახდილი და ეს დროშა დისკომფორტს გვიქმნისო. დისკომფორტსო! მთელი 100 ლარი აქვს ღამეში გადახდილი და დროშის ყურების დისკომფორტი ვერ აიტანა.
ჯერ ძალიან გავბრაზდი, მაგრამ მერე გამიხარდა – ეგ დროშა ზუსტად მაგიტომ კიდია მანდ, რომ დისკომფორტი შეექმნას რუსებს, რომლებსაც ფეხებზე ჰკიდიათ უკრაინაც, საქართველოც და საერთოდ, ყველაფერი საკუთარი თავის გარდა.
ეს არ არის ერთეული შემთხვევა, და ეს არის ზოგადი დამოკიდებულება, რუსეთის ზოგადი სახე. სტუმრად მოსული ადამიანი ვერ გაბედავს სხვის საკუთრებაში ნივთის გადაადგილებას, არათუ დროშის ჩამოხსნას. მაგრამ პრობლემაც ისაა, რომ სტუმრად არ მიიჩნევს თავს, საკუთარ ეზოში ჰგონია თავი და ამიტომ, არის ასე თავისუფლად. გაგიკვირდებათ საქართველოს დროშაც რომ ჩამოეხსნა? დღეს თუ არა, ხვალ ჩამოხსნიან თუ დისკომფორტი შეექმნათ.
ვის დავაბრალოთ? საკუთარ თავს. ამის უფლებას ჩვენ ვაძლევთ. 2008 წლის ომის მერე, რუსები რომ თავს გრძნობენ ჩვენთან, ასე გადასარევად ნატოსა და ევროკავშირის წევრ ბალტიისპირეთის ქვეყნებში არ არიან. არადა, ბალტიისპირელ ახალგაზრდებს რუსებთან არ უომიათ, მათი ტერიტორია ოკუპირებული არ აქვთ, როცა გაუხარდებათ მათ მოქალაქეებს ვერ იტაცებენ და ა.შ. მაგრამ მაინც უქმნიან იქ მცხოვრებ რუსებს ჩვენზე მეტ დისკომფორტს. დაუმსახურებლად?

პირველად იტალიაში რომ ჩავედი, რაღაც საიმიგრაციოში მოვხვდი, მაშინ უვიზო არ გვქონდა და რაღაც წესი იყო ორ კვირაზე დიდ ხანს თუ დარჩებოდი, ცნობა უნდა აგეღო. მოკლედ, იქ ისე გამაწამეს იტალია კი არა, საერთოდ აღარაფერი მინდოდა. ვიმსახურებდი? რა თქმა უნდა, არა, ეგ კი არა ვიზა ლიბერალიზაციამდეც ვიმსახურებდი მე პირადად უვიზოდ მიმოსვლას, მაგრამ, როგორც საქართველოს მოქალაქე – ქვეყნის, რომლისგანაც კრიმინალი, ფალსიფიცირებული პასპორტები, და პრობლემების მეტი არაფერი მიგვქონდა ევროპაში – ალბათ, არ იყო გასაკვირი.
ასე რომ, მეც ვიცნობ იშვიათ გამონაკლის კარგ რუსებს, უფრო სწორად ერთ კარგ რუსს. მასთან ბოდიში, მაგრამ როცა ნაგავი სახელმწიფოს მოქალაქე ხარ, ია-ვარდებით არ დაგხვდებიან, თუნდაც პიროვნულად ძალიან კარგი ტიპი იყო. ნუ, რა თქმა უნდა, საქართველოში თუ არ ჩამოხვალ, სადაც ჯერ ბომბებს ჩამოყრი, მერე ჩამობრძანდები და „ვსე ბუძიმ ვმესწე გულიაწ გენაცვალე“.
გნებავთ დისკრიმინაცია დამაბრალეთ, გნებავთ ნაციონალისტობა, მაგრამ ერთ და ორ ე.წ. კარგ რუსს არ უნდა გადავაყოლოთ ეროვნული ინტერესები. თუმცა, მეტწილად ეს “კარგი რუსებიც” სინამდვილეში ხომ იმისთვის გვჭირდება, რომ რუსებთან ჩვენი ზოგადი ჩახუტება და ბიზნესი გავამართლოთ, თორემ, ხშირად, კარგი რუსი კი არა და კარგი ქართველიც ხო ფეხებზე გვკიდია.
მოკლედ ასე – დროშა თავიდან დავკიდეთ და ყველგან უკრაინის დროშიანი პროფაილ ფოტო დავდეთ. თავიდანვე იცოდნენ სად მოდიან, და თუ ეს დროშა დისკომფორტს უქმნით, მათი ადგილი ჩვენთან არაა“, – წერს გესთაუჰს „ჰესტიას“ დამფუძნებელი.
ცნობისთვის, „ჰესტია“ – თელავში, ზუზუმბოს გრილ ფერდობზე მდებარე კონცეპტ სასტუმრო. სასტუმრო მყუდროდ მოწყობილი თანამედროვე არქიტექტურის და თბილი ინტერიერით შექმნილი სახლია, სადაც დაგხვდებათ: ექვსი კომფორტული ნომერი, ტერასები და მანსარდა პანორამული ხედით კავკასიონზე, საოჯახო ღვინის მარანი და ბუხრის ოთახი.
