საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 10%, ხოლო 2024 წელს 4%-ით გაიზრდება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ მაღალ ეკონომიკურ ზრდას გაზრდილი საგარეო მოთხოვნა, ვიზიტორების გაზრდილი შემოდინება, ასევე განთავსებისა და კვების სექტორზე მოთხოვნის ზრდა განაპირობებს.
„ტურიზმიდან და მიგრანტებიდან შემოსავლები გაიზარდა. ამის ფონზე მაღალია საგარეო მოთხოვნა. ამავე დროს შიდა მოთხოვნაც საკმაოდ ძლიერია. ვიზიტორების გაზრდილმა შემოდინებამ განთავსებისა და კვების სექტორზე მოთხოვნა გაზარდა და ამან მთლიანობაში ერთობლივი მოთხოვნის ზრდა გამოიწვია. ეს ყველაფერი უკვე გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ეკონომიკური ზრდა წელს 10% იქნება. დღევანდელი გადმოსახედიდან, 2023 წელს ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 4% იქნება, ხოლო 2024 წლიდან უფრო მაღალი ტემპით ზრდა არის მოსალოდნელი დაახლოებით 5-5.5%-ის ფარგლებში. თუმცა სტრუქტურული რეფორმები დაეხმარება ეკონომიკას, მეტიც, ეს შესაძლებლობას იძლევა უფრო მაღალ მაჩვენებელზე გავიდეს ქვეყანა“,- აცხადებს გვენეტაძე.
სებ-ის პრეზიდენტი ქვეყანაში წლიური ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთ ფაქტორად რუსეთიდან და ბელორუსიდან შემოსულ მიგრანტებს უკავშირებს.
„უკვე ვახსენე ის ფაქტორები, რამაც გამოიწვია შიდა მოთხოვნის ზრდა ქვეყანაში. რუსეთიდან მიგრაციის პირველი ტალღა, ასევე ბელორუსიდან, შემდეგ უკვე მობილიზაციის გამოცხადება – რა თქმა უნდა, ეს ახდენს დაწოლას ფასებზე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე. ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი და არა ერთადერთი. ასევე შესაძლებელია გამოყოფა ფაქტორების, მაგალითად, როცა საუბარია ბინის ფასის ზრდაზე, ამან 1-1.5-ით იმოქმედა წლიურ ინფლაციაზე“,- აცხადებს გვენეტაძე.
მისივე თქმით, წლის ბოლომდე წლიური ინფლაცია დაახლოებით იმ დონეზე იქნება, რაც ახლა არის [11.5% სექტემბერი], ინფლაციის შემცირებას ეროვნული ბანკი თებერვლიდან ელის.