პუტინის აგრესიული და სასტიკი ომიდან 190 დღის შემდეგ, რუსი ოკუპანტების დანაკარგები უკრაინაში სულ უფრო და უფრო იზრდება. უკანასკნელი 1 თვის ცნობებით, ახლა სტრატეგიული უპირატესობა უკრაინელების ხელთაა და ამ ფაქტს თავად უკრაინული ჯარის რამდენიმე ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა ადასტურებს.
ბოლო 24 საათის ინფორმაციით, ოკუპანტებმა შეტევა ბახმუტის, ავდეევკისა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებით სცადეს, თუმცა მათი ყველა იერიში მოგერიებულია. უკრაინული ძალები კონტრშეტევაზე არიან გადასული დროებით ოკუპირებულ ხერსონშიც. კიევი ოპერაციის დეტალებს არ ასაჯაროებს, თუმცა არაოფიციალური წყაროებით, უკრაინელებმა მტრის თავდაცვის მეორე ხაზის გარღვევაც შეძლეს.
უკრაინის კონტრშეტევას წინ უძღოდა აშშ-უკრაინის „სამხედრო თამაშები“: CNN
ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტორიც, რომ უკრაინა დასავლური ტიპის სამხედრო შეიარაღებით აქტიურად მარაგდება, რაც რუსებს შეტევის რესურსებს კიდევ უფრო უზღუდავს. სპეციალისტების მოსაზრებით, ძირითად სტრატეგიულ ინიციატივას, რომელსაც უკრაინელები ამჟამად ფლობენ, ცდილობენ ზამთრის დადგომამდე გამოიყენონ, რადგან მათი შეფასებით, სამხედრო თვალსაზრისით, ძალზე მნიშვნელოვანია უკრაინელებმა ხერსონის ოლქი გაათავისუფლონ და ამ მომენტისთვის, სწორედ ამ მოქმედებებს ვხედავთ.
ევროკავშირში უკრაინელი სამხედროების გადამზადებისთვის სასწავლო პროგრამის შექმნაზე შეთანხმდნენ
ოკუპანტების ამოწურული რესურსი და უკრაინელების სტრატეგიული უპირატესობა – ომის 190-ე დღე უკრაინაში
„რონდელის“ ფონდის მკვლევრის, აღმოსავლეთმცოდნე, ზურაბ ბატიაშვილის შეფასებით, დიდი ხნის განმავლობაში იყო საუბარი იმაზე, რომ რუსებს შეტევის წარმოებისთვის შესაბამისი რესურსი აღარ აქვთ, რაც მისი თქმით, ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით დადასტურდა. როგორც ბატიაშვილმა „ფორტუნას“ უთხრა, ახლა უკვე ვხედავთ ინიციატივას, რომელიც უკრაინელების ხელთაა.
მედია: უკრაინამ რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტი დაამარცხა
ამ ძირითად ინიციატივას, როგორც ბატიაშვილი ამბობს, რა თქმა უნდა, ისინი [უკრაინელები] ცდილობენ ზამთრის დადგომამდე გამოიყენონ, რადგან სამხედრო თვალსაზრისით, ძალზე მნიშვნელოვანია უკრაინელებმა ხერსონის ოლქი გაათავისუფლონ და ამ მომენტისთვის, სწორედ ამ მოქმედებებს ვხედავთ.
„სწორედ ამ ერთიანი სტრატეგიის შედეგია და ამას [უკრაინელების შეტევას] ჩვენ ვხედავთ არა მხოლოდ ხერსონის მიმართულებით, არამედ ოკუპირებული ყირიმის მიმართულებითაც – იმ მიზნით, რომ ხერსონის ოლქში მდგარი რუსული სამხედრო ნაწილები გამოფიტონ, რათა მათ არ მიეწოდოთ დამატებითი ცოცხალი ძალა და ტექნიკა იმ ბაზებიდან, რომელიც ამ შემთხვევაში, რუსეთს ყირიმში აქვს განთავსებული,“– განუცხადა „ფორტუნას“ ზურაბ ბატიაშვილმა.
იერიშების კვალი ხერსონის ოლქში
მისი თქმით, დაზუსტებით ვერ ვიტყვით რამდენად გარდამტეხი იქნება ომისთვის ამ ტერიტორიებზე უკრაინელების წარმატება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რესურსების თანაფარდობა ბოლომდე, დაზუსტებით არ ვიცით.
„უკრაინა ამ მიმართულებით საკუთარი ძალების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს, რუსეთის ნაწილების დათვლა შედარებით უფრო ადვილია, იმიტომ, რომ იქ ძალიან ბევრი ინფორმაცია ჟონავს, სახელდება ცოცხალი ძალის სხვადასხვა რიცხვი.
მაგალითად: 15-იდან 25 ათასამდე ცოცხალ ძალაზეა საუბარი, ვერ ვიტყვით აქედან რომელია რეალური რიცხვი, დაახლოებით შუაში უნდა იყოს, თუმცა არ ვიცით რა ცოცხალი ძალის რაოდენობაა უკრაინელების მხარეს, ასევე არ ვრცელდება ცნობები ტექნიკაზე.
ხერსონის რეგიონი, უკრაინა – ოკუპანტების საჰაერო-სადესანტო ძალები საბრძოლო პოსტზე
რაღაც მინიშნებები კეთდება, მაგალითად რუსების, იგივე იგორ გირკინის (რუსი სამხედრო, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გადამდგარი „სახელმწიფო მოღვაწე“) მიერ, რომ უკრაინელები ცოცხალი ძალის წინააღმდეგ ცნობილ „ჰაიმარსებს“ იყენებენ, რატომღაც ეგონათ, რომ „ჰაიმარსები“ მხოლოდ ბაზების წინააღმდეგ შეიძლებოდა გამოყენებულიყო, რაც არასწორია.
თუ მასზე შესაბამისი ჭურვი იქნება დაყენებული და გასროლილი, ეს შეიძლება იყოს სახმელეთო ნაწილის ცოცხალი ძალის განადგურების მიზნითაც. რამდენადაც ინფორმაცია ვრცელდება, „ჰაიმარსების“ გამოყენება სწორედაც რომ ხერსონის მიმართულებით ხდება. ვნახოთ, დაველოდოთ რა მიმართულებით განვითარდება ეს კონტრშეტევის მცდელობა უკრაინელთა მხრიდან.“ – გვითხრა ბატიაშვილმა.
რუსეთის სამხედრო გადაიარაღების მცდელობა?!
აღმოსავლეთმცოდნეს ასევე ვკითხეთ, რა ტიპის საბრძოლო შესაძლებლობებს შეიძლება ფლობდეს ირანული წარმოების დრონები, რომელიც საერთაშორისო პრესის ინფორმაციით, რუსეთმა დიდი ალბათობით უკრაინაში გამოსაყენებლად შეიძინა და შეუქმნის თუ არა რაიმე ტიპის უპირატესობას ოკუპანტებს გადაიარაღების ეს მცდელობა, რაზედაც ზურაბ ბატიაშვილმა გვიპასუხა, რომ როდესაც დრონებზეა საუბარი, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ყველა ქვეყნის გამოშვებული დრონები ერთი სტანდარტისაა ან ერთნაირია.
ბატიაშვილის თქმით, მაგალითისთვის, თურქეთის მიერ წარმოებული დრონები გაცილებით უკეთესია, ვიდრე იგივე ირანის ან სხვა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მიერ გამოშვებული. როგორც „რონდელის“ ფონდის მკვლევარმა გვითხრა, ირანული დრონები არის ის საბრძოლო მასალა, რომელსაც გარკვეული ტიპის პრობლემები გააჩნია.
„შედარებისთვის რომ ვთქვათ, რუსეთი ამ მხრივ კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში იყო და ამიტომ საჭირო გახდა, რომ ირანისთვის მიემართა, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ირანი, რომელიც სანქციების ქვეშ იმყოფება, გაცილებით უკეთეს დრონებს ფლობს, ვიდრე დავუშვათ რუსეთი.
უკრაინა უკვე აქტიურად იყენებს ამერიკულ სარაკეტო სისტემას – HIMARS
მისი ტექნიკური მახასიათებლები დღემდე ნაკლებადაა ცნობილი, ვნახოთ, ბრძოლის ველზე გამოჩნდება რის შესაძლებლობა ექნება. რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება ვერც ერთი დასავლეთის მიერ ან თურქეთის მიერ წარმოებული დრონების შესაბამისი, მაგრამ რისი შესაძლებლობა აქვს ირანულ დრონებს, ამას ვერ გავიგებთ ვიდრე საბრძოლო მოქმედებებში არ ვიხილავთ,“– აღნიშნა „ფორტუნასთან“ საუბრისას ზურაბ ბატიაშვილმა.
ბრძოლა ატომური ელექტროსადგურებისთვის – ოკუპანტების შანტაჟი
„რა თქმა უნდა, ყველაფერი, რაც ზაპოროჟიეს თუ სხვა ატომური ელექტროსადგურების გარშემო ხდება, საშიში და საფრთხის შემცველია. ეს არის რუსეთის მცდელობა, შანტაჟის გზით, რამენაირად უკრაინული მხარე მოლაპარაკებებსა და თუნდაც დროებით შეთანხმებაზე დაიყოლიოს, რადგან თავად რუსებს ადამიანური რესურსების თვალსაზრისით ძალიან გაუჭირდათ“, – გვითხრა ბატიაშვილმა და ატომური ელექტროსადგურების ირგვლივ მიმდინარე ბრძოლის საფრთხეები შეაფასა.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვის გამო ერთი ენერგობლოკი დაიხურა – „ენერგოატომი“
მისი მოსაზრებით, იმის გამო, რომ უკრაინელები კონტრშეტევაზე გადავიდნენ, რუსებს ძალიან ეშინიათ, რომ დაკავებული ტერიტორიები დაკარგონ, რადგან ეს საფრთხე მათთვის რეალურად არსებობს. სწორედ აქედან გამომდინარე, მიაღწიეს რა, მათ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმს, ტერიტორიების დაკავების თვალსაზრისით, ახლა ცდილობენ, ეს ტერიტორიები არ დაკარგონ და რამენაირად სამშვიდობო ზავს გამოკრან ხელი.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაზიანების შესაფასებლად უკრაინაში გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია ჩავიდა
„რუსეთის გარშემო რკინის ფარდა ეშვება“ – სანქციების შედეგი
„მართალია ნელა, მაგრამ სანქციები მუშაობს და ის რუსეთის ეკონომიკაზე აისახება“, – გვითხრა ზურაბ ბატიაშვილმა და დასძინა, რომ ჩვენ ვხედავთ არაერთ რუსეთის მოქალაქეს, რომელიც ქვეყნიდან გარბის, რადგან ხედავს, რომ რუსეთის გარშემო რკინის ფარდა ეშვება, ისევე, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს და ვხედავთ იმასაც, რომ რუსეთის მოქალაქეებს უფრო და უფრო უჭირთ:
„ნახევარი წელი მიიწურა და კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ რუსებს უკვე თვე-ნახევარია წინსვლა არ აქვთ, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი რესურსები ამოიწურა და ახლა უპირატესობაც და ინიციატივაც უკრაინელების ხელთაა. ახლა ისინი ცდილობენ მოწინააღმდეგის შევიწროებას, თუმცა ჩვენ არ ვიცით, ამ მიზანმიმართული გამოფიტვის ტაქტიკის შედეგად რამდენ ხანში ჩამოიშლება რუსული სამხედრო მანქანა კონკრეტულად ამ მიმართულებით.
ეს შეიძლება იყოს რამდენიმე კვირაში ან რამდენიმე თვეში, თუმცა რეალურად, დასავლეთს მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ ამ ომში რუსეთი უნდა დამარცხდეს და უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. შესაბამისი შეიარაღება შედის და კიდევ უფრო დიდი რაოდენობით შევა, რომლის საშუალებითაც უკრაინელები რუსების დამარცხებას მოახერხებენ“, – განუცხადა „ფორტუნას“ ბატიაშვილმა.
უკრაინელი სამხედროები
მისი შეფასებით, რა თქმა უნდა, სასურველია, რომ ეს სანქციები უფრო ძლიერი იყოს, თუმცა როგორც აღმოსავლეთმცოდნემ გვითხრა, არსებული მუშაობს და ვიცით, რომ მსჯელობა არაერთი სანქციის გატარებაზეა. ბატიაშვილის თქმით, საბოლოო ჯამში, ყველაფერი რუსეთის დასუსტებისკენ მიდის – ისე, რომ მას ასეთი აგრესიული ომების წარმოების საშუალება არ ჰქონდეს.
რუსი მოქალაქეების უკონტროლო შემოდინება საქართველოში – რისკები და საფრთხეები
აღმოსავლეთმცოდნეს ვკითხეთ, რა საფრთხეებსა და რისკებს შეიძლება უკავშირდებოდეს რუსეთიდან მასობრივად შემოსული მოქალაქეების რაოდენობა, რაზედაც მან გვიპასუხა, რომ რისკები საკმაოდ მაღალია, ვინაიდან რუსული კომპანიების საქმიანობის შედეგად, რომელიც ქვეყანაში რეგისტრირდება, ძალიან თავისუფლად შეიძლება საქართველომ დასავლეთის მეორადი სანქციები მიიღოს.
„რა თქმა უნდა, ეს საფრთხის შემცველი ფაქტია და სამწუხარო რეალობაა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც დაკავებული უნდა იყოს ამ და მსგავსი საფრთხეების პრევენციასა და გამოვლინებაზე, გადასულია იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეებს მოუსმინოს.
ვხედავთ იმასაც, რომ საქართველოში არაერთი რუსული კომპანია იხსნება იმ მიზნით, რომ საქართველოს ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენონ. ეს, რა თქმა უნდა, საფრთხის შემცველია, რადგან ამ რუსული კომპანიების საქმიანობის შედეგად, ძალიან თავისუფლად საქართველომ შეიძლება მეორადი სანქციები მიიღოს, ეს კი საფრთხეა ქართული ეკონომიკისთვის, რადგან ყველაფერი შეიძლება ერთ დღეს თავზე ჩამოგვექცეს, რაც აქამდე ეკონომიკური თვალსაზრისით, მიღწევად მიიჩნეოდა.“ – გვითხრა ზურაბ ბატიაშვილმა.