ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით რუსეთი უარყოფითი საერთაშორისო რეზონანსის გამოწვევას ცდილობს,- ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა. აბაშიძის თქმით, ამ ლაბორატორიაში ე.წ. დახურული თუ საიდუმლო ცდების შესახებ რუსეთის უწყებებისა და მედიის მიერ გავრცელებული “ფაქტები აბსურდის თეატრის ჟანრსაც კი სცდება”.
“ნათელია, რომ მსგავსი განცხადებებით მოსკოვი ცდილობს, დასავლეთთან ურთიერთობის კონტექსტში, საკუთარი საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევას, თუნდაც მეზობელი ქვეყნის ავტორიტეტის შელახვის ფასად, რაც ჯერჯერობით მას ნამდვილად არ გამოსდის. ჩვენ არაერთხელ გვაქვს გაცხადებული და კვლავაც ვიმეორებთ – ლუგარის ცენტრი აწარმოებს სამეცნიერო საქმიანობას სრული ტრანსფარენტულობის რეჟიმში, ამ ლაბორატორიის კარი ღიაა ყველასათვის, ყველა ქვეყნის მეცნიერისათვის,” – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
როგორც აბაშიძემ თქვა, 14-15 ნოემბერს ლუგარის სახელობის კვლევითი ცენტრი „ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ“ კონვენციასთან შესაბამისობის საკითხებზე საერთაშორისო ექსპერტთა წარმომადგენლობითი ჯგუფის შეხვედრას მასპინძლობდა, რომელში მონაწილეობაზეც რუსმა სპეციალისტებმა უარი თქვეს.
ოქტომბერში ლუგარის ცენტრს საერთაშორისო ექსპერტების გარკვეული ჯგუფი ეწვია.
რიჩარდ ლუგარის ცენტრი სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა. ლუგარის ცენტრი დაავადებათა ქვეყნის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულებაა, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფერალურ ლაბორატორიას.
კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთი ისევ ელის ვაშინგტონისა და თბილისისგან განმარტებებს, თუ რა საქმიანობას ეწევა ლუგარის ლაბორატორია.