რუსეთის მთავარი სახელმწიფო სანიტარული ექიმი ანა პოპოვა რეგიონებს მოუწოდებს, შავი ჭირის პრევენციისთვის მოემზადონ.
შესაბამისი გადაწყვეტილება პარასკევს იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა.
აღნიშნულ განცხადებამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მონღოლეთის 17 რეგიონში, მათ შორის რუსეთის საზღვართან ახლოს, შავი ჭირის 137 კერაა აღმოჩენილი.
ამასთან, რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის (“როსპოტრებნადზორის”) ინფორმაციით, რუსეთში ჭირის შემთხვევები 2017 წლიდან არ დაფიქსირებულა.
„უზრუნველყოფილი იყოს რუსეთის ფედერაციის სუბიექტის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანოებისა და სამედიცინო ორგანიზაციების მზადყოფნა ღონისძიებების განხორციელებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავს ჭირის წარმოშობისა და გავრცელების პრევენციას, იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს ბუნებრივი კერების აქტიურობის ეპიდემიური რისკები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის სუბიექტის ტერიტორიაზე მდებარეობს“, – წერია განცხადებაში.
ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის რეგიონებს რჩევა ეძლევათ, შავი ჭირის პრევენციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება დააორგანიზონ, მათ შორის ეპიდემიოლოგიური მონაცემებით იმუნიზაციის აუცილებლობის შესახებ.