რუსეთის გენერალური პროკურატურა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთასა და 1,2 მილიონი რუბლის ოდენობის ჯარიმის დაკისრებას მოითხოვს. საქმე ეხება თაღლითობისა და სასამართლოს შეურაცხყოფის ბრალდებებს.
რუსული მედიის ინფორმაციით, პროკურატურის წარმომადგენელმა ნადეჟდა ტიხონოვამ თავდაპირველად 10-წლიანი სასჯელი მოითხოვა, თუმცა მანამდე გამოტანილი განაჩენებიდან გამომდინარე, სასამართლოს 13 წელი შესთავაზა.
სისხლის სამართლის ახალ საქმეზე პროცესი 15 თებერვალს დაიწყო. სხდომები N2 კოლონაში მიმდინარეობს, სადაც ნავალნი სასჯელს მას შემდეგ იხდის, რაც „ივ როშეს“ საქმეზე პირობითი სასჯელი პატიმრობით შეუცვალეს.
ალექსეი ნავალნი: შეშლილ მანიაკ პუტინს ყველაზე სწრაფად ახლა რუსეთის ხალხი შეაჩერებს – ეს ნამდვილად არაა უსარგებლო ომი
კრემლის კრიტიკოსი ომის საწინააღმდეგო მოძრაობას მოუწოდებს, დაძლიონ დაპატიმრების შიში და გავიდნენ ქუჩებში.
თაღლითობის შესახებ რუსეთის პროკურატურამ საქმე 2020 წლის ბოლოს აღძრა. გამოძიების მტკიცებით, ნავალნიმ პირადი მიზნებისთვის გამოიყენა 356 მილიონი რუბლი, რომელიც კორუფციასთან ბრძოლისა და სხვა ფონდებში იყო ჩარიცხული.
სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის საქმე კი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ვეტერანის მიმართ ცილისწამების საქმეზე პროცესი დაიწყო. საქმე 2021 წლის მაისში აღძრეს, შემდეგ კი თაღლითობის პროცესთან გააერთიანეს.
ფოტოზე: ალექსეი ნავალნის სასამართლო, 15 მარტი